საქართველოს კულტურისა სპორტის სამინისტრომ, ბეილერის ფონდისგან ოფიციალური სამადლობელი წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ, 19 კვირის განმავლობაში, ფიროსმანის საგამოფენო სივრცეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 85 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. ვიზიტორთა უმეტესობამ პირველად შეიტყო ქართველი მხატვრის შესახებ.
"ბეილერის ფონდმა, ასევე, მადლიერება გამოხატა გამოფენების კარგი ორგანიზებისათვის და მოხარული არიან, რომ გამოფენას ქართული დიასპორის ბევრი წარმომადგენელი ეწვია. ჩვენ მივიღეთ ბევრი ცნობილი საინფორმაციო საშუალების, მათ შორის - Financial Times-ის, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის, Le Monde-ისა და Neue Zürcher Zeitung-ის დადებითი შეფასებები. მარია ჯაგი თავის სტატიაში - "The hero of Georgia"s avant-garde“, რომელიც Financial Times-ში გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ ფიროსმანმა ნამდვილად დაიმკვიდრა ადგილი ევროპულ მოდერნიზმში", - აცხადებენ სამინისტროში.
შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა 2023 წლის 17 სექტემბერს გაიხსნა და 2024 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდა. გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბეილერის ფონდის, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და "ინფინიტ არტის“ თანამშრომლობითა და ორგანიზებით გაიმართა.
"მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპაში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოჩნდა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
დანიასა და შვეიცარიაში ფიროსმანის 48 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 47 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შეირჩა მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან. თითქმის ერთი წლის შემდეგ, ნიკო ფიროსმანის 50-მდე ნამუშევარი საქართველოში უვნებლად დაბრუნდა და შესაბამის ფონდებში ჩაირიცხა.