27 ივლისი 2024,   04:09
ვრცლად
ქოლცენტრების ქსელის ახალი ფიგურანტები და გერმანული გამოძიების ფაილებში ნახსენები ქართული გვარები - რა დეტალები გაარკვია "კურიერი P.S"-მა

ევროპელი პენსიონერების ძარცვა გრძელდება - ქოლცენტრების საქმეს ახალი მოქმედი პირები ჰყავს, დანაშაულებრივი ქსელის და მიტაცებული მილიონების უკან ისევ ქართული გვარები ჩნდება. საერთაშორისო გამოძიება კვლავ დავით კეზერაშვილის უახლოეს გარემოცვაზე გადის. კვალი ამჯერად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბიძაშვილამდე, ვინმე მიხეილ ბინიამინამდე, იგივე მიშკა ბინიაშვილამდე მიდის, რომელიც როგორც ირკვევა, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობს ალბანეთსა და საქართველოში.

მიშკა ბენიაშვილი უკვე დაკავებულია - "კურიერი პიეს-მა" გაარკვია, რომ ის სომხეთში აიყვანეს და გერმანიაში ექსტრადირების მოლოდინშია, თუმცა ბინიაშვილი მარტო არ არის. საერთაშორისო გამოძიება კიდევ რამდენიმე ქართული გვარით ინტერესდება, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დავით კეზერაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანია "მილტონ გრუპს" და პენსიონერების ძარცვას უკავშირდება. 

"ქოლცენტრების ტრანსნაციონალური ქსელის ახალი ფიგურანტები გერმანული გამოძიების ფაილებში აღმოვაჩინეთ. კვალი საქართველოში მოდის. როგორ ინაწილებს ევროპელი პენსიონერებისგან მითვისებულ მილიონობით ევროს ქართულ-ალბანური მაფია?" - ამ სათაურებით ვრცელ სტატიებს საერთაშორისო მედია აქვეყნებს. "კურიერი პიესი" ექსკლუზიურად გაეცნო თაღლითობის ბრალდებით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვენებებს, რომელიც მათ გერმანელ სამართალდამცველებს მისცეს. გამოძიების მასალებში პირდაპირ არის ნახსენები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი, მიხეილ ბინიამინი, იგივე მიშკა ბინიაშვილი და ალბანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლტა ჯაჩკას მრჩეველი ამანტ იოსიფი.

თაღლითური კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერი ჩვენებაში წერს:

"2019 წელს დამაწინაურეს პროგრამირების განყოფილებაში პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. მახსოვს შეხვედრა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, რომელსაც ესწრებოდა მიშკა ბინიაშვილი. მაშინ ის პირველად გავიცანი, შემდეგ ხშირად ვხვდებოდით საქართველოში. საქართველოში წასვლა შემომთავაზეს ჰუსეინ სპეციმ და მიშკამ. მითხრეს, რომ ამ ქვეყანაში უფრო დიდი კომპანია შეიქმნებოდა. 2021 წლის იანვარში ალბანეთში დაბრუნების შემდეგ დავიწყე მუშაობა კომპანია Georgia Dauti-ში, რომელიც იყო ქართული კომპანია DMG LLC-ის შვილობილი. ჩემი უშუალო უფროსი იყო ჰუსეინ სპეცი, რომელიც თავის მხრივ, დავალებებს იღებდა მიშკასგან," - წერია ირისა ფუკას მიერ მიცემულ ჩვენებაში.

ჰუსეინ სპეცი, რომელსაც თაღლითური ქოლცენტრების ყოფილი მენეჯერი საკუთარ ჩვენებაში ახსენებს, თბილისში ევროჯასთის ეგიდით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ის იყო დავით კეზერაშვილის ბიძაშვილის, მიხეილ ბინიაშვილის მარჯვენა ხელი და პირადად კურირებდა სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ 100-მდე თაღლითურ პლატფორმას.

ჰუსეინ სპეცი საქართველომ გერმანულ მხარეს გადასცა, რადგან გერმანიის ათასობით მოქალაქეს, ძირითადად პენსიონერებს სატელეფონო თაღლითებმა მილიონობით ევრო გამოსძალეს. ადვოკატი "კურიერი პიესს" უდასტურებს, რომ ქოლცენტრების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ალბანეთის მოქალაქე ჰუსეინ სპეცი უკვე გერმანული მართლმსაჯულების ხელშია.

გერმანიაში ექსტრადირებას ელოდება თბილისში დაკავებული ალბანეთის კიდევ ერთი მოქალაქე. 28 წლის ფიორი დალიპი ქართველმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციით აიყვანეს. ირკვევა, რომ ის ქავთარაძის ქუჩაზე ნაქირავები ბინიდან კურირებდა თაღლითურ ქოლ ცენტრებს, რის შედეგადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჯამში 42 მილიონი ევრო გამოსძალეს.

გამოძიების ფაილებში ნახსენები მიხეილ ბინიაშვილი, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გერმანიის მოთხოვნით სომხეთში დააკავეს. ოფიციალური ბერლინი კეზერაშვილის ბიძაშვილის ექსტრადირებას ითხოვს. საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დუბაიდან ესპანეთში ექსტრადირება ემუქრება ბინიაშვილის ბიზნესპარტნიორს, ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მრჩეველს - ამანთ იოსიფისაც. მას ესპანეთის 17 000 მოქალაქისთვის ფულის გამოძალვას ედავებიან. ესპანური მედიის ცნობით, ზარალი 2,5 მილიარდ ევროს აღწევს. დაზარალებულთა შორისაა გერმანიის ათასობით მოქალაქეც. ალბანური მედია ამანთ იოსიფის საქართველოსთან კავშირზე უკვე დიდი ხანია წერს.

საერთაშორისო გამოძიებით დადგენილია, რომ ალბანეთში, საქართველოსა და უკრაინაში თაღლითური ქოლცენტრები "მილტონ გრუპის" ქოლგის ქვეშ მოქმედებენ. ეს კიევში მანდარინა პლაზას შენობაა. "მილტონ გრუპის" შტაბ ბინას აქ კიდევ ერთი ქართველი, დავით თოდუა ხელმძღვანელობს. ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ დავით თოდუა არაერთ კომპანიაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია.

საერთაშორისო გამოძიების მიუხედავად დავით თოდუასთან დაკავშირებული ქოლ ცენტრები დანაშაულებრივ საქმიანობას უკრაინაში ისევ განაგრძობენ. აღმოჩნდა, რომ მილტონ გრუპმა სახელწოდება და მისამართი შეიცვალა. ქსელი ახლა Brain Pro-ს სახელით, კიევის ნაცვლად, ლვოვიდან მოქმედებს. საქმეში გამოჩნდა ახალი გვარებიც. უკრაინული მედიის ნაწილი წერს, რომ 54 წლის ლალი შენგელია დანაშაულებრივ ქსელში დავით თოდუას პარტნიორია. თაღლითური პლატფორმების პროგრამულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად კი შენგელიას შვილი, 24 წლის დიმიტრი ცირგაია სახელდება. დედა-შვილი უკრაინაში სხვა საქმეზე დააკავეს. საუბარია უკრაინელი სამხედროებისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით შემოწირულობის მითვისებაზე.

საქართველოს პროკურატურაში "კურიერი პიესს" უთხრეს, რომ გამოძიება საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს. აღმოჩენილი და დაყადაღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ათეულობით მილიონის უძრავ-მოძრავი ქონება.

დავით თოდუა, მიხეილ ბინიაშვილი, ამანთ იოსიფი - ქოლცენტების საერთაშორისო ქსელის მთავარი ფიგურანტები უკვე დადგენილია. ვინ დგას მათ უკან უკრაინაში, საქართველოსა და ალბანეთში? - ამ კითხვას პასუხს სცემს ჯერ კიდევ 1 წლის წინ გამოქვეყნებული BBC-ის საგამოძიებო ფილმი, რომელიც მილტონ გრუპის ჩრდილოვან მმართველად დავით კეზერაშვილს ასახელებს და მას “მისტერ ოფშორის“ სახელით მოიხსენიებს.

დღის ამბები