15 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში 2023 წელს 4,1 მილიარდ დოლარს მიაღწია - რა კონკრეტული პროექტები აქვს გაწერილი მთავრობას ტურიზმისა და ავიაციის სფეროში 2024 წელს

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში 2023 წელს 4,1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ შარშანდელმა მაჩვენებელმა კოვიდამდე არსებულს 26 პროცენტით გადააჭარბა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეკორდული მონაცემები ქვეყანაში არსებულმა მშვიდობამ და სტაბილურობამ, კერძო სექტორთან აქტიურმა თანამშრომლობამ და ხელისუფლების სწორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2024 წლის მოლოდინი კიდევ უფრო პოზიტიურია.

პოლიტიკა და კონკრეტული პროექტები უკვე გაწერილია. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშისა და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე თქვა, რომ დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, თელავის აეროპორტის, მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობა, ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება კი წელს დასრულდება, გაგრძელდება სხვა მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტების განხორციელებაც, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

სახელმწიფო, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გარდა, 2024 წელს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მუშაობის გაგრძელებასაც გეგმავს. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ შარშან როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიმდინარე წელს კი ზრდის ტენდენციის მოლოდინი არსებობს. პარალელურად, ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით, ტურისტების მხრიდან საქართველოში დანახარჯის რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კერძო სექტორმა. ბიზნესის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების საშუალებით ქვეყანაში ეკონომიკურმა სარგებელმა მოიმატა. მათი განმარტებით, მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობამ ინვესტიციების გაზრდასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყო ხელი.

ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიმართა და მას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დღის ამბები