სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ტექნიკა გადასცა. ტექნიკა საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, კალიების მონიტორინგი დიდ ფართობზე განახორციელონ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
"გადმოგვეცა 4 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, რომელიც გამოიყენება კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებში, კერძოდ, დიდი ფართობების მონიტორინგისას ხდება გავრცელების არეალის მონიშვნა, რაც უმნიშვნელოვანესია შემდგომი ღონისძიებების დასაგეგმად. FAO-სთან წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, დაიხვეწა მავნებლის მონიტორინგის სისტემა; დაინერგა შესხურების თანამედროვე მეთოდები, რაც ხელს უწყობს კალიების პოპულაციის მართვასა და სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილებას“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.