აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჩაქვში სრულად განახლდა და შეიცვალა პარკის ინფრასტრუქტურა. დასკვნით ეტაპზეა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც. მოსწავლეები სექტემბრიდან სწავლას განახლებულ სკოლაში გააგრძელებენ.
განხორციელდა შენობის შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი. სამუშაოების ღირებულება მილიონ 600 000 ლარია.
პარალელურად გაზიფიცირების პროცესი დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში. ბუნებრივი აირით 205 აბონენტი ისარგებლებს.
"ჩაქვის ტურისტულ ზონაში მოვინახულეთ ახალი რეაბილიტირებული სკვერი, რომელიც გახდება ახალი ატრაქცია როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება. ბუკნარის სკოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა და წელს 38 სკოლის რეაბილიტაცია იქნება ბოლომდე მიყვანილი. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის გაზიფიცირების პროცესი. გაზიფიცირების პროცესის ფარგლებში 27-ზე მეტი სოფელი ისარგებლებს უწყვეტი, უსაფრთხო გაზმომარაგებით,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.