სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს.
"გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა, 2024 წლის 14 მარტს, უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის სახით მათი დაკავება", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.