"ვეტინგთან" დაკავშირებით ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ნონა წოწორია მასზე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩემზე გავრცელებულ ინფორმაციას უნდა გამოვეხმაურო. უკრაინაში მოსამართლეების ვეტინგის პროცესში მე არ ვმონაწილეობდი. მე ვმონაწილეობდი გენერალური პროკურორის მოადგილის/მთავარი ანტიკორუფციული პროკურორის შერჩევის პროცესში, რომელმაც უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის ფაქტზე დააკავა. რაღაც ისეთი მაინც მოიტყუონ, ადვილად რომ არ იძებნებოდეს", - წერს წოწორია.
განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ქართველ მოსამართლეებს. მოსამართლე ლევან თევზაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ვეტინგი" უკრაინაში ადეიშვილის მოადგილე წოწორიამ ჩაატარა და მის მიერ შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამასთან, წოწორია მონაწილეობდა მოლდოვაში "ვეტინგის" სისტემით მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესშიც, რისი დამადასტურებელი ვიდეო-მასალაც საჯარო წყაროებში იძებნება.
საკითხთან დაკავშირებით მოსამართლე ლევან თევზაძემ კომენტარი "კურიერთანაც" გააკეთა.
"ძალიან კარგია, რომ ქალბატონმა ნონა წოწორიამ, ბატონი ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ის გარკვეული ფორმით იღებდა მონაწილეობას უკრაინაში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით. კარგია, რომ მის მიერ დანიშნული იქნა გენერალური პროკურორი, მაგრამ ცუდია, რომ დანიშნული იქნა ის პროკურორი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირები თავისუფლად გადაადგილდებიან.
რაც შეეხება "ვეტინგს", "ვეტინგი" დაიწყო 2016 წელს და მხოლოდ 2023 წელს მოხდა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის დაკავება რამდენიმე მილიონის ქრთამის აღების ბრალდებით და თუ რაოდენ ეფექტური და კარგი არის, ეს უკვე საზოგადოებისთვის მიმინდია," - აღნიშნა მოსამართლე ლევან თევზაძემ "კურიერთან" საუბრისას.