დღეს აქონდროპლაზიის მკურნალობის პროგრამას კიდევ 5 ბავშვი შეუერთდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ავრცელებს.
როგორც მაკუნა გოჩიაშვილი წერს, ბავშვებს, რომელმაც წამლის მიღება ნოემბერში დაიწყეს, ზრდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ.
"დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. დავწერ, როგორ ჩაივლის.
დღეიდან ყოველდღე, 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის გაზრდას და გაძვალებას დაეხმარება.
დღეს, წამლის გაკეთებამდე, გავზომავთ საფუძვლიანად (მჯდომარე სიმაღლესაც) და შედეგებს დავაკვირდებით.
ბავშვებს, რომლებმაც ნოემბერში დაიწყეს წამლის მიღება, 3 თვეში, 2-სანტიმეტრიანი ზრდა ჰქონდათ, რაც პეტრეს ბოლო წელიწადში არ ჰქონია. ასე რომ, მოლოდინები გვაქვს გრანდიოზული.
პეტრესთან ერთად, მკურნალობას დღეიდან აქონდროპლაზიის მქონე ოთხი ბავშვი შეუერთდება,"- წერს მაკუნა გოჩიაშვილი Facebook-ზე.