საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა, საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ზე პლეი ოფის ფინალში წაგების შემდეგ, თამაში მოკლედ შეაფასა. მან სინანული გამოთქვა, რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.
"პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, საქართველოსა და ვილი სანიოლს ამ წარმატებას. თამაშის შემდეგ ვერ მოვახერხე და მინდა, აქ მივულოცო. ისეთი თამაში იყო, როგორც ასეთ დროს ხდება. ბევრი ბრძოლა ვნახეთ, ყვითელი ბარათები.
შანსები 50/50-ზე იყო და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც იღბალი მნიშვნელოვანია და ახლა იღბალი საქართველოს ნაკრებისკენ აღმოჩნდა. ასეთ თამაშებში ვიდეორეფერი გადამწყვეტი არ არის", – განაცხადა გუსტავო პოიეტმა.
საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.