30 აპრილი 2024,   21:13
ვრცლად
მკვლელობისთვის ძებნილი ძმები აჭარაში დააკავეს - განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები სატვირთოში მოწყობილ სპეციალურ სამალავში იპოვეს

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, აჭარაში, სარფის სასაზღვრო პუნქტიდან 5 კილომეტრში სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილი გაჩხრიკეს, სადაც საგანგებოდ მოწყობილ სამალავში 4 პირი აღმოაჩინეს. მათგან ორზე, როგორც “განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეზე“, საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

დანაშაული თურქეთში, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა, სადაც თურქული წარმოშობის შვედეთის მოქალაქეებმა ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს, რის შემდეგაც სარფის გავლით, მალულად საქართველოში შემოვიდნენ. სასაზღვრო პოლიციამ ძებნილი პირები მალევე დააკავა. ისინი ძმები არიან და მათი სახელი მკვლელობის გარდა, ნარკოტიკების კონტრაბანდას უკავშირდება.

ფოტოზე ჩანან, მკვლელობისთვის ძებნილი ძმები და ასევე სატვირთო ავტომობილი, რომელიც საქართველოს საზღვარზე შემოდის. სწორედ ამ ავტომობილში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს სავარაუდო დამნაშავეები.

ბრალდებულების მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ, 5 აპრილს გავრცელებული ინფორმაციაც. უწყების განცხადებაში წერია, რომ უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე ბრალდებულია “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთასა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში“. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

დღის ამბები