18 მაისი 2024,   22:11
ვრცლად
ისრაელი-ირანის დაპირისპირება - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი პიკს აღწევს

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი პიკს აღწევს. არაპირდაპირი წყაროებით იკითხება, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა ირანმა რევანშის გეგმა განახორციელოს და ისრაელზე იერიში მიიტანოს. განიხილება დარტყმები სამთავრობო შენობებზე მართვადი რაკეტებითა და დრონებით. ირანის სულიერ ლიდერსაც არ დაუმალავს, რომ ისრაელის საპასუხოდ თეირანში სერიოზული გეგმები აქვს.

სწორედ ამ განცხადებების გამოა, რომ ისრაელში მომუშავე დიპლომატიურმა მისიებმა შესაძლო ესკალაციისთვის მზადება დაიწყეს. თეირანში ერთადერთმა დასავლურმა ავიაკომპანიამ "ლუფტანზამ" კი, ქვეყნის მიმართულებით ფრენები კიდევ რამდენიმე დღით შეაჩერა. ამ ზომებს ისრაელის მთავრობის განცხადებებიც ამყარებს: "თუ დაგვარტყამენ, ჩვენც დავარტყამთ" - ასე პასუხობს პოტენციურ რისკებს ქვეყანა, რომელიც ღაზაში მიმდინარე ომის პარალელურად, ლიბანურ "ჰეზბოლასა" და თეირანის მიერ დაფინანსებულ სხვა ძალებს ებრძვის. ახლა მას შესაძლოა ირანთანაც მოუწიოს ღია ომის წარმოება, თუმცა ამ რისკებზე ნაფიქრია.

მიუხედავად ისრაელთან გართულებული ურთიერთობებისა, აშშ მკაფიოდ ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორის დაცვის ვალდებულებას უერთგულებს და ირანის წინააღმდეგ ნეთანიაჰუს გვერდში იდგება. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით უთხრა.

შტატებმა ცენტრალური სარდლობის მეთაურიც გაგზავნა ისრაელში, გენერალი მაიკლ კურილასთან შეხვედრის დეტალები უცნობი რჩება. თავად ბაიდენი კი, ირანს აფრთხილებს, რომ ვაშინგტონი არ იყოყმანებს.

მსოფლიოსთვის ცხადია, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმა ამ რეგიონს ყველაზე ნაკლებად სჭირდება. განცხადებებიც შესაბამისია.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება 1 აპრილს შემდეგ დაიძაბა, როდესაც სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოზე დარტყმა განხორციელდა. იერიშს "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" შვიდი წევრი და ელიტური დანაყოფის მეთაური ემსხვერპლა. ირანმა დარტყმის უკან მომენტალურად ამოიკითხა ისრაელი და მძიმე პასუხითაც დაემუქრა, რომელიც ისრაელისა და მისი პარტნიორების სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად ძალიან რეალურად გამოიყურება.

 

დღის ამბები