02 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
კელი დეგნანი არის ჩვენი ქვეყნის კარგი მეგობარი და მას აქვს თავისი პოზიცია, რაშიც მე ვეთანხმები  - დავით ხაჯიშვილი

ამერიკის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიცია ყოფილი ელჩის შეფასებებს ეთანხმება და აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის.

"ყოფილი ელჩი, პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყნის კარგი მეგობარი და მას აქვს თავისი პოზიცია, რაშიც მე ვეთანხმები. დიახ - "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში იქნება კომპლექსური პრობლემები. პირველ რიგში, ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. შემდეგ ის რომ ჩვენ თანამოქალაქეებს უნდა ეძახონ აგენტები. ასევე, ის რომ ამ კანონპროექტის მიღების შემდგომ შეიძლება ნაკლები საარჩევნო დამკვირვებელი ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში," - ამბობს "ნაციონალურ მოძრაობის" წევრი, დავით ხაჯიშვილი.

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის შეფასებით კი, რადგანაც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ახლაც მოქმედი დიპლომატია, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პოზიცია, რომელსაც კელი დეგნანი აჟღერებს არ არის მისი პერსონალური პოზიცია, არამედ, ეს არის აშშ-ის შეფასებები.

ცნობისთვის, კელი დეგნანის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონის ხელახლა ინიციირების მიზანი, არჩევნებზე საერთაშორისო მისიების არ დაშვებაა. ამ თემაზე დეგნანმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლეს სკოლაში ჩატარებულ დისკუსიაზე ისაუბრა, "საქართველო - ბრძოლა დემოკრატიისა და ევოატლანტიკური ინტეგრაციისთვის", სადაც ის ამ თემაზე სასაუბროდ იყო მიწვეული. კელი დეგნანი ახლა შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში. დიპლომატის თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, "ქართული ოცნება" ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს და საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ.

 

დღის ამბები