06 მაისი 2024,   01:49
ვრცლად
"მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს... აქციებზე შევხვდებით" - ლაზარე გრიგორიადისი

საპატიმროს დატოვების შემდეგ, ლაზარე გრიგორიადისმა პირველი კომენტარი გააკეთა. მან სალომე ზურაბიშვილს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მოსამართლემ მის საქმეზე პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღო.

"მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. მგონი, ახლა აქციებია და აქციებზე შევხვდებით. დღეს მივალ აქციაზე.

რუსული კანონი ჩვენს დემოკრატის უთხრის ფსკერს და, ჩემი აზრით, არ შეიძლება ასეთი კანონები მივიღოთ ევროკავშირის გზაზე.

ყველას, ყველა ჩემს მხარდამჭერს მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. სიტყვები არ მყოფნის, მართლა ძალიან ბევრი იშრომეთ ამისთვის.

საქმეში იყო ოთხი პოლიციელის ჩვენება და ნავთობპროდუქტის კვალი რაც, მგონია, რომ დიდად ხელმოსაჭიდი ფაქტები არ არის. არ იყო დასახელებული, თუ რამდენი ხანი და რა ნავთობპროდუქტი იყო ჩემს ტანსაცმელზე,"- აცხადებს ლაზარე გრიგორიადისი.

ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთეს მისმა ოჯახის წევრებმაც:

ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე: "ახლაც არაფერი შემიძლია ვთქვა იმიტომ, რომ ცოტა ხნით მქონდა გადაკვეთის საშუალება, მეტი შანსი არ მომცემია."

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა გია კალანდაძე: "ლაზარე თავისუფალია, ახლა მიგვყავს სახლში. ბედნიერები ვართ, გახარებულები ვართ და მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით".

შეგახსენებთ, რომ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდადებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა. მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები