23 ნოემბერი 2024,   04:04
ვრცლად
საპროტესტო აქციის 19-ე დღეს მოვლენათა ეპიცენტრად გმირთა მოედანი იქცა - მსვლელობებისა და პროტესტის პარალელურად იყო დაპირისპირებაც

საპროტესტო აქციის 19-ე დღეს მოვლენათა ეპიცენტრად გმირთა მოედანი იქცა. დემონსტრაციის მთავარი ლოკაცია შეცვლილია. ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს.

საღამოს 07:00 საათზე დემონსტრანტებმა შეკრება ერთდროულად ორ ლოკაციაზე - გმირთა მოედანზე და პარლამენტთან დაიწყეს.

გზის გადაკეტვასა და სატრანსპორტო მოძრაობის ბლოკირებას მოყვა დაკავებები. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი. "კურიერის" კამერამ გმირთა მოედანზე სამართალდამცველების მიერ ტერიტორიიდან დაახლოებით ათამდე დემონსტრანტის გაყვანის დაფიქსირება შეძლო.

ქალაქის მთავარი სატრანსპორტო კვანძი და მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს პარალიზებული რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ. გმირთა მოედანზე მსვლელობით წავიდნენ ისინიც, ვინც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.

დაიწყო მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით. აქციის მონაწილეები თბილისის ცენტრში ანთებული ტელეფონებითა და დროშებით ხელში გადაადგილდებოდნენ.

დემონსტრანტთა ნაწილმა გმირთა მემორიალის გარშემო წრე შეკრა - ახალგაზრდები საკუთარ პროტესტს ცეკვით გამოხატავდნენ. ისინი "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში მეორედ შეტანილი კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ.

გზის გადაკეტვას და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის მცირე დაპირისპირებები მოჰყვა. იყო ხმამაღალი შელაპარაკებებიც.

გზის გაგრძელების უფლებას აქციის მონაწილეები მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებსა და იშვიათ შემთხვევაში, იმ მანქანებს აძლევდნენ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ადამიანი იმყოფებოდა.

გმირთა მოედნის პარალიზებასთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო მტკვრის ორივე სანაპირო. დემონსტრანტები სანაპიროების ბლოკირებისთვის გმირთა მოედნიდან გადავიდნენ. ისინი პირდაპირ სამანქანო გზაზე დასხდნენ და მანქანებს გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.

სამოქალაქო პროტესტის გაგრძელება დააანონსეს პოლიტიკოსებმა. მათი განცხადებით, წინააღმდეგობა ყოველდღიურ რეჟიმში ისევ ძალაშია, თუმცა დიდი შეკრება 11 მაისს იქნება. აქციის მთავარი მოთხოვნა უცვლელია - ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია გმირთა მოედანზე ღამის 03:00 საათისთვის დაიშალა. დემონსტრანტების მცირე ნაწილი პარლამენტთან დაბრუნდა და მალევე დაიშალა.

დღის ამბები