რატომ არ მიიღო ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის მიწვევა,- საქართველოს საგარეო უწყება ამერიკის ელჩის განცხადებას პასუხობს. ქართული მხარე განმარტავს, რომ პრემიერი შტატებში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა გამჭვირვალობის კანონის განხილვა.
"დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული" - წერია საგარეოს განცხადებაში.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ ამერიკის ელჩს დეტალური განმარტება უკვე წარუდგინა.
ამერიკის საელჩომ რობინ დანიგანის განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები ახლახანს მიიწვიეს შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან სტრატეგიული პარტნიორობის და ამერიკის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, თუმცა ქართულმა მხარემ მოწვევაზე უარი თქვა.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრაზე უარის თქმა საქართველოს, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისთვის არასახარბიელოა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ულტიმატუმი კიდევ ერთი ღია უარია საქართველოს მხრიდან.
"ამ ულტიმატუმის ტონალობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, კიდევ ერთი ღია უარია კონსტიტუციურ არჩევანზე და ნატო-ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე,"- აცხადებს აქუბარდია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ უარის შემდეგ შესაძლოა საქართველომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი კავშირები დაკარგა აშშ-სთან.
"ამ შეხვედრაზე უარის თქმის შედეგად, შეიძლება საქართველომ უკვე დაკარგა ისეთი მნიშვნელოვანი ურთიერთობა როგორიცაა: პირდაპირი ვაჭრობის საკითხი, პირდაპირი ფრენების საკითხი, უვიზო მიმოსვლის საკითხი. სტრატეგიული პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა,"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.