21 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
რაკეტები, ბომბები და კამიკაძე დრონები - ორ წლიანი ომის განმავლობაში მოსკოვი ხარკოვის მეორედ ოკუპაციისთვის ემზადება

გვიან ღამით, ოკუპანტებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - სამიზნე დასახლებული პუნქტები გახდა. დაიწვა სამი და დაზიანდა ათობით შენობა. დაშავდა ორი ადგილობრივი, მათ შორის, 11 წლის ბავშვი. რუსულმა ძალებმა, ხარკოვში ერთი კილომეტრით წინ წაიწიეს. ინტენსიური იერიშების გამო, ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოვჩანსკიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინამ, რუსული თავდასხმებისგან ხარკოვიის სასაზღვრო ტერიტორიების დასაცავად, სარეზერვო დანაყოფები გაგზავნა.

ხარკოვის გარდა, რუსეთი მასიურად უტევს დონეცკსაც. ოკუპანტები 15-ჯერ დაესხნენ თავს ოლქის სამ რეგიონს. დაზიანდა ათობით სახლი. დაიბომბა ხერსონის 15 დასახლებაც.
 
ოკუპანტებმა შეუტიეს სუმსაც - ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოლქზე 73 თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლზე თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდასხმები აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღეებში გაძლიერდა, ანალიტიკოსების ვარაუდით, კრემლის მიზანია დასავლეთის სამხედრო დახმარების კიევში ჩასვლამდე ტაქტიკური მიღწევები უზრუნველყოს. დასავლეთის მხარდაჭერის გამოსახატად, კიევში ევროპარლამენტის პრეზიდენტი ჩავიდა. რობერტა მეცოლასა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია განგაშის სიგნალის ჩართვის გამო შეწყდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი თავშესაფარში გადაიყვანეს.
 
უკრაინის სამხედრო დახმარების გასაძლიერებლად, გერმანია შეერთებული შტატებისგან სამ HIMARS-ის სარაკეტო გამშვებს შეიძენს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სარაკეტო სადგურები აშშ-ს შეიარაღებული ძალების მარაგიდან გამოიყოფა, ფულს კი გერმანია გადაიხდის.

 

დღის ამბები