შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გამოკითხვის ეტაპზე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან დანაშაული აღიარა და გამოძიებას პროცესში მონაწილე პირების შესახებ დეტალურადაც უამბო. ძალოვანი უწყების მიერ გასაჯაროებული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილების დაზიანების, სამართალდამცველების შეურაცხყოფისა და გაღიზიანების დავალება ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მიიღეს, რაშიც ისინი თანხას იხდიდნენ.
დაკავებული ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა დავალების შესრულებაში 1200 ლარი გადაუხადეს და პარალელურად მოითხოვეს მითითების შესრულების შემდეგ, ფაქტები სოციალურ ქსელში აეტვირთა. ბრალდებულმა, ყველაფერი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გაასაჯაროვა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დამატებითი მტკიცებულებაა.
გასაჯაროებული ჩვენება და კადრები არაფერს ამტკიცებს ოპოზიციისთვის, იმ პარტიებისთვის, რომლის ლიდერებზეც დაკავებული პირი საუბრობს. პარტიებში ამბობენ, რომ თანხის გადახდის, ან დავალების მიცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხდება კი, ოპოზიციის ნაწილის აზრით საზოგადოების დაშინებას ემსახურება.
ოპოზიციის მეორე ნაწილიც მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლის შესაბამისი არ არის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აქციები, რომელიც ბოლო დღეებია მიმდინარეობს პოლიტიკოსებისგან არ იმართება და ის, საზოგადოების გულწრფელი პროტესტის გამომხატველია.
ინფორმაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებული პირის ჩვენების საფუძველზე გაავრცელა, სახელისუფლებო გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მსგავს ფაქტს ადასტურებს თუნდაც ის აუდიო ჩანაწერებიც, რომელიც ბოლო დღეებში მედია-სივრცეში გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 8-9 მაისს 6 პირი დააკავა. 6-ვეს გამოძიება, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმა და ნივთის დაზიანებას ედავება.