27 ივლისი 2024,   03:55
ვრცლად
საქართველოს დროშებით და ხატებით იყო მოფენილი დღეს რეგიონებიც - ყველა დიდ ქალაქში, სასულიერო პირებმა და მრევლმა ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღე იზეიმეს

საქართველოს დროშებით და ხატებით იყო მოფენილი დღეს რეგიონებიც. ლოცვით და ქუჩების კურთხევით მოძრაობდნენ დღეს სასულიერო პირები საკუთარ მრევლთან ერთად ყველა დიდ ქალაქში. ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, მესტია, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, თელავი, მცხეთა - ყველას ვერ ჩამოვთვლით. 10 წლის განმავლობაში, ეს პირველი 17 მაისი იყო, როდესაც რეგიონები ქუჩაში აღნიშნავდნენ ოჯახის სიწმინდეს.

სიტყვით გამოსვლებში, ძირითადად, იმაზე საუბრობდნენ, რომ ოჯახი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ამიტომაცაა მნიშვნელოვანი და ღირებული. მსვლელობებს რეგიონებში წინ უძღოდა ტაძრებში გალობა და სამადლობელი პარაკლისი. სასულიერო პირები შეკრებილებს ყველგან სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებდნენ.

პარაკლისით, ქუჩების კურთხევით და ლოცვითი მსვლელობით აღინიშნა ოჯახის სიწმინდის და პატივისცემის დღე მთელს საქართველოში.

ქუთაისში, მოქალაქეებმა და სასულიერო პირებმა შეკრება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან დაიწყეს, რის შემდეგაც აღმაშენებლის ძეგლთან მსვლელობით გადაინაცვლეს. დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ აღევლინა პარაკლისიც.

ხალხმრავლობა იყო ბათუმშიც, მრევლი, დილიდან, ქალაქის მთავარი საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. მსვლელობა ზუბალაშვილების ქუჩიდან დაიწყო და გამსახურდიას ქუჩაზე გაგრძელდა. ბოლო გაჩერება კი, იუნკერთა საფლავი იყო, სადაც პარაკლისი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.

გამონაკლისი არც სამეგრელო ყოფილა. საზეიმო მსვლელობა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოეწყო. მრევლი, დილიდან, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში შეიკრიბა. იყო ლოცვითი მსვლელობა. პარაკლისი კი, 12 საათიდან სამეგრელოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.

ლოცვითა და მსვლელობით აღინიშნა ოჯახის სიწმინდის დღე გურიის ყველა ქალაქშიც. შეკრებილები ამბობდნენ, რომ ისინი მამულის, ენის, სარწმუნოებისა და სხვა ქართული ღირებულებების დასაცავად გამოვიდნენ გარეთ.

ოჯახის სიწმინდის დღე წელს განსაკუთრებულად აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონშიც. დილიდან, ტაძრებში პარაკლისი აღევლინა. შემდეგ კი, მრევლმა, სასულიერო პირებთან ერთად, ქალაქის ქუჩები შემოიარა.

ზეიმი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც. ახალციხეში დღევანდელი დღე ადგილობრივებმა ერთად აღნიშნეს. მსვლელობის შემდეგ, აქაც პარაკლისი ჩატარდა.

გორში მრევლი მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში შეიკრიბა. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისი მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა. მანამდე იყო მსვლელობა.

მსვლელობა გაიმართა მცხეთაშიც. ღვთისმშობლის პარაკლისი კი, სვეტიცხოველში ჩატარდა. მოეწყო ტრადიციული ლოცვითი მსვლელობა. მრევლი ტაძართან გალობით მივიდა.

რუსთავში, სასულიერო პირები კულტურისა და დასვენების პარკში მრევლთან ერთად მივიდნენ. შემდგომ მოაწყვეს მსვლელობაც. ადგილობრივებს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება შეუერთდა. ღონისძიებაში ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეებიც ჩაერთნენ.

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებული დღე პირველად იზეიმეს აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთში, თელავის ღვთისმშობლის ტაძარში, პარაკლისის ჩატარების შემდეგ, მრევლი თეატრის მიმართულებით დაიძრა. სასულიერო პირებმა აკურთხეს ქუჩები. იყო გამოსვლებიც. თელავში 17 მაისის აღნიშვნა ღვთაების ტაძარში დასრულდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ, დღევანდელი მსვლელობით, ისინი სარწმუნოებას, ეროვნულ იდენტობასა და ტრადიციებს იცავენ.

17 მაისს საყოველთაო მსვლელობები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონსა და ქალაქში შედგა.

დღის ამბები