27 ივლისი 2024,   04:58
ვრცლად
პოლიციელზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ნარკოდანაშაულიც დაემატა - "ლიმონის" დამფუძნებლის სახლიდან სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

პოლიციელზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ნარკოდანაშაულიც დაემატა - სარეკლამო სააგენტო "ლიმონის" დამფუძნებლის სახლიდან სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რამაც გიორგი ოკმელაშვილის ბრალი კიდევ უფრო დაამძიმა. თავად ბრალდებული, რომელიც დღეს სასამართლომ 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა, არ უარყოფს, რომ ნარკოტიკი ნამდვილად მას ეკუთვნოდა, თუმცა ამბობს, რომ ის აჩუქეს და, უბრალოდ, შენახული ჰქონდა. ოკმელაშვილი დღეს თავს იმართლებდა მეორე ბრალდებაზეც, რომელიც პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ეხება.

პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულმა, დანაშაული იმით ახსნა, რომ ის საკუთარ თავსა და აქციის მონაწილეებს იცავდა. გიორგი ოკმელაშვილი სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ არ იცოდა, ვინ იყო პირი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა.

დაკავებულმა თავის მიმართ წარდგენილ ნარკოდანაშაულის ბრალდებაზეც ისაუბრა. ოკმელაშვილმა არ უარყო, რომ ბინაში ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა, თუმცა თქვა, რომ ნივთიერება, წლების წინ, ერთ-ერთ კლუბში აჩუქეს და არასდროს ყოფილა მომხმარებელი.

გიორგი ოკმელაშვილი მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე სარეკლამო სააგენტო "ლიმონის" დამფუძნებლის 20 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

გიორგი ოკმელაშვილის დაკავებამდე, სამართალდამცველებმა კონკრეტული ვიდეომასალა შეისწავლეს. ჭიჭინაძის ქუჩაზე, 13 მაისს გადაღებული კადრები, საქმის მთავარი მტკიცებულებაა. ჩანაწერებში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში დევს ჩვენებებიც და ექსპერტიზის შედეგები.

მიმდინარე აქციების დროს გადაღებული კადრების შესწავლის პარალელურად, იზრდება დაკავებულ აქტივისტთა რიცხვიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით, 2 ახალგაზრდა დააკავა. გავრცელდა დანაშაულის ამსახველი კადრებიც. მასალის მიხედვით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელთან დამონტაჟებული დამცავი ჯებირები, ფიზიკური ძალისა და რკინის ნივთების გამოყენებით დააზიანეს.

მიმდინარე საპროტესტო აქციებისას, ბოლო მონაცემებით, სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია 9 დემონსტრანტი, 200-ზე მეტი პირი კი, ადმინისტრაციული წესით, პასუხისგებაშია მიცემული. კანონდარღვევის ფაქტების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დღის ამბები