27 ივლისი 2024,   03:51
ვრცლად
შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს - "კურიერმა" სენაკში 25 წლის კაცის მკვლელობის საქმის დეტალები გაარკვია

სამეგრელოში სისხლიანი გარჩევა 25 წლის თორნიკე გოგიას მკვლელობით დასრულდა. სენაკში, გორის ქუჩაზე გოგიებს საკუთარ სახლში თავს დანით შეიარაღებული პირები გვიან ღამით დაესხნენ. ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის ძმაა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, დაზიანებები მიიღო ერთ-ერთმა თავდამსხმელმაც.

მოკლული ახალგაზრდა, ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს. დაჭრილები კი ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი. "კურიერის" ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ის 21 ლუკა სარიაა. ბრალდებული ზუგდიდის იზოლატორში მოათავსეს. მას ადვოკატი უკვე შეხვდა. დაკავებული განზრახ მკვლელობის ბრალს აღიარებს და მომხდარის მოტივად წარსულ დაპირისპირებას ასახელებს.

არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. "კურიერის" კამერამ, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები გადაიღო, რომელიც გვიან ღამით დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მათ შორის, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს საქმის ფიგურანტების სახლი და ავტომობილი. უკვე დაკავებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ გააცნობენ.

21 წლის ლუკა სარიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები