16 ივნისი 2024,   01:02
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ადვოკატების პროტესტის გამო გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატების პროტესტის გამო გადაიდო.

მანამდე, ექსპრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ბანდიტები დაეუფლნენ, რომელთაც ქვეყანაში დიქტატურის დამყარება სურთ.

"არ უნდა დავუშვათ ერთიანი, მტკიცე ძალის გატეხა. ერთიანი, მტკიცე ძალა არის ის, რაც აიძულებს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები იმიტომ, რომ მათ უკვე გვითხრეს, რომ ქვეყანა უნდა დაამშვიდონ. ქვეყნის დამშვიდება, ეს არის დიქტატურის ახალი განმარტება. სიმშვიდე, ისეთი, როგორიც მათ უნდათ, არის სასაფლაოზე. მათ უნდათ საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება, ეს არის ბანდიტური ტექნოლოგია. ქვეყანას დაეუფლნენ ყაჩაღები და ისინი აპირებენ, როგორც თვითონ ამბობენ, ქვეყნის დამშვიდება ე.ი ყელის გამოჭრას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლოს დაწყებიდან რამდენიმე წუთში, მას მერე, რაც ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა პროცესზე პოლიტიკური განცხადება გააკეთა, ადვოკატებმა სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, თქვეს, რომ, ამ ფორმით, სოლიდარობას უცხადებენ აქციის დაშავებულ მონაწილეებს.

"დღევანდელ სასამართლო პროცესში მე და შალვა თუთბერიძე მონაწილეობას არ მივიღებთ. სასამართლო ამას როგორ შეაფასებს, ეს სასამართლოს საქმეა. შეიძლება, სასამართლომ, ეს სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნიოს, შეიძლება სხვა ინტერპრეტაცია მისცეს, მაგრამ ეს არის ჩვენი პოზიცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ.

ინტერესების დამცველების ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეთა კოლეგიამ სასამართლოს უპატივცემულობად შეაფასა. მათი განცხადებით, ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატები დაენიშნებათ.

"სამწუხაროდ, დღეს ისეთი მოცემულობა შექმნეს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ბოლომდე გარკვეულიყო ეს პოზიცია არის თუ არა შეთანხმებული. სამომავლოდ რა პერსპექტივა იქნება, ბრალდებული პირები რჩებიან ადვოკატის, თუ დაცვის უფლების გარეშე?! თუ ყველა მხარის მხრიდან ვითხოვთ პატივისცემას კანონის მიმართ, ეს დაცვის მხარესაც ეხება. ერთგვარი უპატივცემულობაც არის, როდესაც ტოვებ სასამართლო სხდომას. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა რაიმე, რაც ბიძგის საშუალებას მიცემდა რომელიმე მხარეს", - განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

 

დღის ამბები