16 ივნისი 2024,   16:28
ვრცლად
რუსთავში, მეუღლისა და სიდედრის მკვლელობისთვის დაკავებულ 27 წლის კაცს ბრალი წაუყენეს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში მეუღლისა და მეუღლის დედის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლესა და მეუღლის დედას, რომლებიც, ჩვილ ბავშვთან ერთად, საბავშვო ეტლით გადაადგილდებოდნენ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სანადირო თოფიდან მრავალჯერადი გასროლით, გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", ვკითხულობთ გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "ბ", "თ", "კ" და "ლ" ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები