მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის 2 საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ვრცელ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს მსჯავრდებული პრეზიდენტის წინააღმდეგ არცერთი მუხლი არ დაურღვევია. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე გამოუტანა. ევროსასამართლომ თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო სხდომები საქართველოში სამართლიანად მიმდინარეობდა, მტკიცებულებათა ერთიანობით კი დასტურდება სააკაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენა.
ყოფილი პრეზიდენტი სტრასბურგში 2 სისხლის სამართლის საქმეზე დაობდა - ერთი, 2005 წელს, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას, ხოლო მეორე მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალებას ეხებოდა. ორივე საქმეზე, ექსპრეზიდენტი მსჯავრდებულია. სააკაშვილის მხარე ამტკიცებდა, რომ ეს გამამტყუნებელი განაჩენები გადაუმოწმებელ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა და სასამართლო მის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით მოქმედებდა. ევროსასამართლომ კი თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდებები სერიოზული და საფუძვლიანი იყო, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება კი - სათანადოდ დასაბუთებული.
სტრასბურგის სასამართლოს არ ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, რომლებიც ახლა დიდი პალატისთვის ამ გადაწყვეტილების საპასუხო სარჩელს ამზადებენ. ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები ფიქრობენ, რომ მათი არგუმენტები საფუძვლიანი და სამართლიანი იყო, ევროსასამართლომ კი გადაწყვეტილება მცდარი მსჯელობის საფუძველზე მიიღო.
იუსტიციის სამინისტროში ფიქრობენ, რომ, სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან, დიდ პალატაში ჩივილს აზრი არ აქვს. იუსტიციის მინისტრის მოადგილეს აქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა მათ სარჩელს წარმოებაშიც არ მიიღებს. უწყებაში განმარტავენ, რომ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცედურები სამართლიანად წარიმართა, მსჯავრდება კი იყო დასაბუთებული, რაც ევროსასამართლომაც დაადასტურა.
დღის ბოლოს, სტრასბურგის გადაწყვეტილება შეაფასეს გენერალურ პროკურატურაშიც. სწორედ ეს საგამოძიებო უწყება აწარმოებდა სისხლის სამართლის ორივე საქმეზე გამოძიებას. პროკურატურაში თქვეს, რომ, ევროსასამართლოს დღევანდელი პოზიციით, გაქარწყლდა ის არგუმენტები, რომელიც ადვოკატებს სასამართლო განხილვებისას საქმის პოლიტიზების კონტექსტში ჰქონდათ.
სტრასბურგს მიხეილ სააკაშვილმა მას მერე მიმართა, რაც ქართულმა სასამართლომ ის გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე გაამტყუნა. ყოფილი პრეზიდენტი თავის მიმართ 3 მუხლის დარღვევაზე დაობდა.