17 ივნისი 2024,   14:34
ვრცლად
როგორ მიულოცა მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

დღეს 26 მაისია და საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. როგორ მიულოცა მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე:

აშშ-ის დედაქალაქის ვაშინგტონის მერი, მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.

"საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე" - ასე ულოცავს საფრანგეთის საელჩო საქართველოში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს. საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - აღნიშნულია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ელჩის მილოცვაშია ნათქვამი, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია.

"ძვირფასო ქართველო კოლეგებო და მეგობრებო, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია!," – აღნიშნავს ელჩი.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ლატვიის საგარეო უწყების მილოცვაშია აღნიშნული, ლატვია ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი.

"ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს გადასცემს. ლატვია ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია," – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.

ულოცავ საქართველოს მოსახლებას დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე სოციალურ ქსელში წერს.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი," – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.

გულთბილად ვულოცავ საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ელჩი აღნიშნავს, გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია.

"1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა აირჩია დამოუკიდებლობა და დემოკრატია ისტორიული აქტით. მაშინ, ისევე, როგორც ახლა გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია," – წერს პეტერ ფიშერი.

დღის ამბები