26 ივნისი 2024,   15:34
ვრცლად
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულებს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის მუხლით, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკით", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დღის ამბები