29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
პუტინის მუქარა დასავლეთს - მხარეებს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი იწყება

რუსეთმა შესაძლოა, სხვა ქვეყნებს დასავლეთზე დასარტყმელად იარაღი მიაწოდოს- პუტინმა ეს განცხადება პეტერბურგში, მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც კიევს მოკავშირე ქვეყნებმა საკუთარი შორ მანძილზე მოქმედი იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინას იერიშების განხორციელების უფლება მისცეს. ჟურნალისტებთან საუბრისას, პუტინმა მწვავედ გააკრიტიკა დასავლეთი და დაიმუქრა კიდეც. რუსეთის პრეზიდენტი მზად არის, მსოფლიოში ამერიკის ყველა მოწინააღმდეგეს იარაღი დაურიგოს. აგრესორი ქვეყნის ლიდერი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნები, საკუთარი გადაწყვეტილებით, პირდაპირ ჩაერთნენ რუსეთის წინააღმდეგ ომში.
 
პუტინის განცხადება, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემაც გაიმეორა. მედვედევიც ამბობს, რომ კრემლი იარაღით მოამარაგებს ყველას, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგაა. ამერიკის მოწინააღმდეგეები კი რუსეთის მოკავშირეები არიან. კრემლის მუქარის ფონზე, გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგს მიმართა, შოლცის განცხადებით, გერმანია მზადაა, მოკავშირეებთან ერთად, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს და ამასთანავე, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.

დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას ერთობლივად აძლიერებენ. იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე საკუთარი იარაღით დარტყმების საშუალებას აძლევს. საკითხზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა.

მიმდინარე მოვლენებს შტატების ექსპრეზიდენტი ეხმაურება. დონალდ ტრამპის აზრით, ამერიკა საკუთარ ისტორიაში ყველაზე საშიშ წერტილზეა მისული და ახლოსაა მესამე მსოფლიო ომთან. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ტრამპი ბაიდენს აკისრებს.

ბრალდების პარალელურად, შტატების პრეზიდენტმა, ნორმანდიაში უკრაინას მოკავშირეების სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტიც დაახასიათა.

დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინმა უკრაინის რეგიონებში ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა დააანონსა. უკრაინის რეგიონები რუსეთის სასაზღვრო ზონაში განლაგებული საზენიტო სარაკეტო კომპლექსებითა და ზალპური ცეცხლის სისტემებით იბომბება. საპასუხოდ, ზელენსკიმ მოკავშირეების იარაღით რუსეთში სამხედრო სამიზნეების განადგურების ნებართვა მიიღო.

დღის ამბები