28 სექტემბერი 2024,   05:31
ვრცლად
2023 წელს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობას ადგილი არ ჰქონია - გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2023 წელს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობას ადგილი არ ჰქონია.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ამავე პერიოდში ქვეყანაში სტრუქტურირებული ტერორისტული ჯგუფი არ არსებობდა, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად შემცირდა.

“2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას აქტიურად განაგრძობდა. მიმდინარეობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტების დახვეწა და გაუმჯობესება, ასევე, რეაგირების შესაძლებლობის დახვეწა, მათ შორის კონტრტერორისტულ საქმიანობაში უშუალოდ ჩართული დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის პრაქტიკას ტერორიზმსა და ძალადობის ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების კონტექსტში.

უწყების მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით წარმოებული სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაცია, რომლის ფარგლებში ანტიტერორისტულმა ცენტრმა “დაეშის“ მიერ უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე ტერაქტების განხორციელებასთან დაკავშირებული გეგმები გამოავლინა და გაშიფრა.

მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი სამსახურის მხრიდან კონტრტერორისტული მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგად 2023 წელს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობას ადგილი არ ჰქონია. ქვეყანაში არ არსებობდა სტრუქტურირებული ტერორისტული ჯგუფი, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად იქნა შემცირებული. ასევე, კვლავ მცირე იყო საქართველოში ტერორისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერების რაოდენობა,“- განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, 2023 წელს ტერორიზმის ბრალდებით ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მიზნით პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა სირიაში მებრძოლი საქართველოს სამი მოქალაქე.

“2023 წელს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დავაკავეთ, რომელიც 2013 წლიდან სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში იბრძოდა. ის “დაეშის“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური იყო და მჭიდრო კავშირი ჰქონდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ადგილზე მოქმედ ლიდერებთან.

2023 წელს ტერორიზმის ბრალდებით ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მიზნით პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა სირიაში მებრძოლი საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთა მიმართ გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მათზე გამოცხადებულია ძებნა.

საანგარიშო პერიოდში გამოწვევას წარმოადგენდა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ყოფნა, რომლებიც სავარაუდოდ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების იდეებს იზიანებდნენ. აღნიშნული კატეგორიის რამდენიმე ათეული პირის მიმართ გავატარეთ კანონმდებლობით დადგენილი პრევენციული ზომები, რის შედეგადაც მათ მოუხდათ ქვეყნის დატოვება.

გარდა ამისა, მუდმივ რეჟიმში ვახორციელებდით შესაბამის ღონისძიებებს საქართველოში ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და აღკვეთის მიზნით. მათ შორის, კიბერსივრცეში რადიკალური იდეების სავარაუდო გავრცელების ფაქტებზე რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობდა, ხოლო გამოვლენის შემთხვევებზე შესაბამისი რეაგირება ხდებოდა.

მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიღებული შესაბამისი ზომების, სხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის შედეგად საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციების სხვაგვარი სახის დახმარების გაწევის ფაქტები არ დაფიქსირებულა,“- განაცხადა ლილუაშვილმა.

დღის ამბები