25 ივლისი 2024,   17:57
ვრცლად
დეკემბერში ყველამ აღიარა, რომ საქართველოს ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება, რა შეიცვალა? გამჭვირვალობის ექვსგვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი - სუსის უფროსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დეკემბერში, როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ყველამ აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა სტატუსის მინიჭებას.

ლილუაშვილის შეფასებით, დეკემბერში თუ მიიჩნეოდა, რომ საქართველო მყარად მიდიოდა ევროატლანტიკური სივრცისკენ, გამჭვირვალობის კანონის მიღებამ როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი.

“კარგად მოგეხსენებათ, დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ე.ი. დეკემბერში ითვლებოდა, რომ საქართველო მიდის მყარად ევროატლანტიკური სივრცისკენ, აგრძელებს სვლას, რაც ეჭვგარეშეა და ფაქტი სახეზეა იმ მიღწევებში, იმ რეიტინგებში, სადაც ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა ეჭვს არავის უტოვებს. მაისში არ დაინიცირდა კანონი? როგორ შეიძლება, ოთხ თუ ხუთ თვეში ერთმა ექვსგვერდიანმა კანონმა ორბიტიდან, საერთაშორისო პოლიტიკური კურსიდან გადაახვევინოს ქვეყანას? ეს ხომ წარმოუდგენელია. შეგიძლიათ მითხრათ, როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს? დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი? დეკემბერში ხომ ყველამ აღიარა, ისე ხომ სტატუსს ვერ მისცემდნენ, საქართველო იმსახურებდა, ღირსეულად იმსახურებდა, ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება და მოგვანიჭეს. რა შეიცვალა, გამჭვირვალობამ შეცვალა? გამჭვირვალობის ექვსგვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება, შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ეს ხომ ნონსენსია. იმდენად პოლიტიზება მოხდა ამ საკითხის, ამ კანონის მიღება-არმიღების, იმდენად ბევრი აქტორი იყო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩართული, ამ პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტები, რომ ერთგვარი “ბაბლი“ შექმნა იმისა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში - დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში,“ - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები