29 ივნისი 2024,   19:39
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს უნიკალური საგანძური შემატა-კრისტის აუქციონზე მილიონ ფუნტად შეძენილი უძველესი წიგნი მალე საქართველოში იქნება

ქართული საგანძური, რომელიც ქართულ მიწაზე პირველად მოხვდება - საღვთისმეტყველო მწერლობის უნიკალური ნიმუშია. ამიტომაცაა, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერის შეძენასა და საქართველოსთვის გადაცემას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა. წერილი კათალიკოსის ხელმოწერით სიხარულთან ერთად, მადლიერებასაც გამოხატავს, რომლის ადრესატიც ბიძინა ივანიშვილია.

ვიდრე მე-5 საუკუნეში არამეული, მე-10-ში კი ხუცური ანბანით დაწერილი წიგნი საქართველოს კუთვნილებაში მოხვდებოდა, დიდი გზა განვლო. ჯერ კიდევ 1883 წელს, ალექსანდრე ცაგარელის ცნობებით, იოანე ზოსიმეს პალიმფსესტი სინის მთაზე ირიცხებოდა, 81-ე ნომრად. ამის შემდეგ კვალი ქრება და მეცნიერების ერთი ნაწილის ვერსიით კაიროს, მეორე ნაწილის აზრით კი ალექსანდრიის შავი ბაზრით წმინდა მიწას ტოვებს. მოგვიანებით მას შეძლებული ევროპელების კერძო კოლექციებში ვხვდებით. იოანე ზოსიმეს ხელნაწერების ცალკეული ფურცლები დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავშია გაბნეული, იქნება ეს ლაიფციგისა თუ პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები, პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკა, ბირმინგემი, გიოტინგენში თუ სხვა. კრისტის აუქციონის შემდეგ საქართველოში ის პირველად დაიდებს ბინას.

ამ უძველესი ხელნაწერის თავგადასავალი მართლაც გრძელი იყო და ქართველი ბერების წმინდა მიწაზე მოხვედრის სურვილს უკავშირდებოდა. გავრცელებული ცნობებით იოანე ზოსიმე, სხვა ბერებთან ერთად სინას მთაზე იერუსალიმის საბაწმინდის მონასტრიდან მოხვდა, არაბთა შემოსევის შემდეგ უსაფრთხო ადგილის ძიების პროცესში. იქ კი სხვა ბერებთან ერთად წერდა, კინძავდა ტექსტებს და პალიფსესტებს. ამასთან ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე აგზავნიდა, მათ შორის იერუსალიმის კალენდრებსაც, ქართულ საეკლესიო კალენდარმა ნოემბრის გიორგობა რომ დღემდე შემოინახა სწორედ სწორედ იოანე ზოსიმეს დამსახურებაა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელნაწერის მნიშვნელობა ორ კომპონენტზე გადის - სიძველეზე და ღირებულებაზე - იოანე ზოსიმეს პალიმფსესტი კი ორივე კუთხით საინტერესოა. განსაკუთრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებისთვის, რომლებიც ზუსტად ახლა ლიტურგიულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულებზე მუშაობენ და სინის მთის კოლექციები მათი დასკვნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფილოლოგიის დოქტორი, ეკა დუღაშვილი გვახსენებს, რომ ყოველი ახალი ხელნაწერი ენათმეცნიერების კონკრეტულ სფეროში გარდატეხას ახდენდა, ამიტომ მოლოდინი აქვს, რომ შესაძლოა იოანე ზოსიმეს ამ ტექსტმა ღიად დარჩენილ კითხვებს უპასუხოს.

იოანე ზოსიმეს მიერ ქრისტეს ენიდან ქართულად გადაწერილი ქრისტიანული ტექსტები მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს კულტურული, საეკლესიო, სამეცნიერო თუ რელიგიური თვალსაზრისით. საჯარო პოლიტიკის ექსპერტების ნაწილი კი პოლიტიკურ-სოციალურ დატვირთვაზეც საუბრობენ.

სინის მთის პალიმფსესტი ყველაფერთან ერთად შესაძლოა თავად იოანე ზოსიმეს მიერ საღვთისმეტყველო მწერლობაში გაწეული ღვაწლის საფუძვლიანი შეფასებისთვის გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი. მეცნიერების ნაწილი მისი წმინდანად შერაცხვის აქტუალობაზეც კი აკეთებს აქცენტს.

დღის ამბები