29 ივნისი 2024,   19:44
ვრცლად
ბერი იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი ნაშრომი ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა - რა გამოხმაურებები მოჰყვა ქველმოქმედებას პოლიტიკურ სპექტრში

ეროვნული და ისტორიული ქველმოქმედება - ასე აფასებენ ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიერ შეძენილ ხელნაწერს სახელისუფლებო პარტიაში. “ქართულ ოცნების“ ლიდერები უნიკალური საგანძურის შეძენას აუქციონის დასრულებიდან მალევე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურნენ და მას ქვეყნისთვის ღირსეული მონაპოვარი უწოდეს. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედებით ქვეყანას უმნიშვნელოვანესი საგანძური გადაეცემა.

იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე და ამ საგანძურის მნიშვნელობაზე ბევრი დაიწერა სოციალურ ქსელში, თუმცა ოპოზიციამ განწყობა მაშინვე შეცვალა, როდესაც ხელნაწერის მფლობელის ვინაობა გასაჯაროვდა და გაირკვა, რომ მილიონ ფუნტად ექსპონატი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ოპოზიციას დაეთანხმა პრეზიდენტიც, თუმცა საკუთარი პოზიციის გამოხატვას სხვისი პოსტის გაზიარება ამჯობინა.

კრიტიკის მიუხედავად მაინც ვერავინ მალავს, რომ ხელნაწერი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშია და სახელმწიფოსთვის მისი გადაცემა ფასეული. ოპონენტები პრობლემას ქველმოქმედების მიღმა შესაძლო პოლიტიკურ ინტერესში ხედავენ.

ოპონენტების პოზიციებს დაბნეულობით ხსნიან საპარლამენტო უმრავლესობაში. აცხადებენ, რომ ოპოზიციის განწყობები მათი ნეგატიური დღის წესრიგის ნაწილია.

უნიკალური ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ საგანძურს უახლოეს მომავალში შეემატება. ბერი იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი ნაშრომი თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც რელიგიური, ასევე კულტურული თვალსაზრისით - ქართულ წიგნთსაცავში ის იოანე ზოსიმეს ერთადერთი უნიკალური ხელნაწერი იქნება და გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. სამუზეუმო ექსპონატი ეროვნულ მუზეუმს “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ქველმოქმედების მეშვეობით გადაეცემა.

დღის ამბები