29 ივნისი 2024,   19:44
ვრცლად
7 ივნისს ნაცემი ნიკო მანაგაძის დედა ოპოზიციისა და მესამე სექტორის წინააღმდეგ - რას ამბობს თავად აქტივისტი და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

აქტივისტ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ კადრებს, სოციალურ ქსელში პირველად გამოეხმაურა მანაგაძის დედა. ვიკა კვიტაშვილი, შესაბამისი უწყებებისგან თავდამსხმელების დასჯას მოითხოვს და არ გამორიცხავს, რომ ამ ძალადობის უკან “ნაციონალური მოძრაობა“ იდგეს. მშობელი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და “კურიერთან“ ინტერვიუში იმასაც, რომ მისი შვილი წლების განმავლობაში ესწრებოდა “ენჯეო“ სექტორის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს და არაერთ აქტივობაში იყო ჩართული.

დედის პოზიციას ემიჯნება თავად აქტივისტი და ამბობს, რომ მას მშობლისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს. ნიკო მანაგაძე, თსუ-ს პირველ კორპუსთან მომხდარ ინციდენტს, საპროტესტო აქციების დროს, მის აქტიურობას უკავშირებს.

მანაგაძის დედის განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ძალადობის მიღმა “ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობო სექტორი დგას. “ხალხის ძალაში“ ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებზე რეაგირებას საგამოძიებო უწყება ახდენს.

მანაგაძეზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს “ნაციონალური მოძრაობა.“ პარტიაში ამტკიცებენ, რომ აქტივისტთან არ თანამშრომლობენ.

“ნებისმიერი ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია“ ამბობენ მმართველ გუნდში და მიიჩნევენ, რომ მსგავსი თავდასხმების წახალისება საფრთხის შემცველია. “ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ფიზიკური თავდასხმის სხვადასხვა საქმეში, სწორედ ის პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ფიგურირებენ, ვისაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა, უცხოეთიდან შემოსული ფულით სურთ.

აქტივისტ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმა, 7 ივნისს სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოხდა. საქმეზე გამოძიება 126-ე ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები