20 ივნისი 2024,   16:03
ვრცლად
საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო "ბოინგ 767-300" "ჯორჯიან ეარვეისის" ფლოტშია

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო "ბოინგ 767-300" "ჯორჯიან ეარვეისის" ფლოტშია,- ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან ეარვეისი" ავრცელებს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ჯორჯიან ეირვეისი" მუდმივად ზრუნავს მგზავრების კომფორტისთვის და იმისათვის, რომ მოემსახუროს მათ თანამედროვე საფრენი ხომალდებით, კომპანია ავიაპარკს კვლავ აფართოებს.

"ავიახომალდი "ბოინგ 767-300" "ჯორჯიან ეარვეისს" აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია, რომ "ჯორჯიან ეარვეისის" ავიაპარკის ავიახომალდების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სალიზინგო კომპანიისგან არის გადაცემული.

აღნიშნული ავიახომალდი ქართული ავიაციის ისტორიაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი სამგზავრო "ბოინგ 767-300" პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და "ჯორჯიან ეარლაინს გრუპის" პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილს თამაზ გაიაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული ავიახომალდის უპირატესობების, უსაფრთხოებისა და კომფორტის მაღალი სტანდარტების შესახებ.

"ბოინგ 767-300" აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია. იგი გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით.

"ბოინგ 767-300"-ის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. ავიახომალდს უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.

250-ადგილიანი ავიახომალდის ბორტზე განთავსებულია პირველი კლასის სალონი. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ავიახომალდი დაათვალიერეს მისმა მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, "საქაერონავიგაციის" ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილი, კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ და "ჯორჯიან ეარლაინსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები