18 ივნისი 2024,   15:57
ვრცლად
[VIDEO] ნიუ-იორკში, მაგნიტით "მოთევზავე" წყვილმა სეიფში დამალული 100 ათასი დოლარი იპოვა

ნიუ-იორკში, ფლაშინგ მიდოუს კორონა პარკში, წყვილმა $100,000 იპოვა. მედიის ინფორმაციით, ისინი მაგნიტით "თევზაობდნენ", რა დროსაც ის წყალში ჩაძირულ სეიფს მიეკრა, სეიფში კი წყლით დაზიანებული 100-დოლარიანი კუპიურები აღმოჩნდა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა წყვილს განუცხადა, რომ ნაღდი ფულის დატოვება შეუძლია, რადგან საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

ვაშინგტონში, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტამდე საზოგადოებრივი ავტობუსით მისულ წყვილს განუცხადეს, რომ $50,000-$70,000-მდე დაზიანებული კუპიურების გადაცვლას შეძლებენ, თუმცა, სხვა კუპიურებისას ვერა, რადგან ისინი ძლიერაა დაზიანებული.

წყვილმა, რომელმაც მაგნიტით "თევზაობა" პანდემიის დროს დაიწყო, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქამდე, წყალში, ნაპოვნი აქვთ ყუმბარა, იარაღი, დრონი და მოტოციკლი.

მაგნიტით "თევზაობა" ერთგვარი გასართობია, რომლის დროსაც ძლიერ მასალას - ნეოდიმის მაგნიტს იყენებენ, რათა წყალში ლითონის ნივთებს მიაგნონ.

 

დღის ამბები