20 ივნისი 2024,   15:32
ვრცლად
7 ქალი დეპუტატი, შვიდივე ოპოზიციონერი, რომლის რეგიონული ტურნეც უცხოეთიდან ფინანსდება - რომელ ქალაქებს მოიცავს კამპანია "პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის"

"პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის" - ამ პროექტის ფარგლებში, 7 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი რეგიონებში შეხვედრებს აანონსებს. 5 ქალაქში გასვლას ოპოზიციის წევრები 17 ივნისიდან იწყებენ. საჯარო შეკრების მონაწილეების თქმით, მათი მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე საუბარი იქნება.

ოპოზიციის ინიციატივის მიღმა სახელისუფლებო პარტიამ სხვა ინტერესი დაინახა - წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და პოლიტიკურ პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის მცდელობა. 7 ოპოზიციონერი დეპუტატის პროექტს ფინანსურად გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უზრუნველყოფს, მხარდამჭერი კი ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს ასევე ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ უცხოეთიდან იმ ქალი დეპუტატების კამპანია ფინანსდება, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე აქვთ ხელი მოწერილი. სახელისუფლებო გუნდს აინტერესებს, როგორ ხდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია თან კონკრეტულ ოპოზიციონერებს აფინანსებს და, ამასთანავე, არჩევნებს აკვირდება.

NDI-ს წარმომადგენლობაში დღეს კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა პირად საუბარში არ დაუმალავთ, რომ რეგიონებში ქალი ოპოზიციონერების შეხვედრების მხარდამჭერები არიან, მეტ დეტალზე კი იმ მიზეზით ვერ საუბრობენ, რომ ხელმძღვანელობა საქართველოში არ იმყოფება. ვერც დაფინანსების და ვერც მხარდაჭერის მხრივ, პრობლემას ვერ ხედავენ პროექტში ჩართული დეპუტატები. ოპოზიციის წევრების თქმით, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის დაფინანსება და NDI-ს მხარდაჭერა აპრობირებული მეთოდია.

რა განსხვავებაა პარტიისთვის გაწეულ დახმარებასა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობას შორის, ოპონენტებს საპარლამენტო უმრავლესობაში განუმარტეს.

ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, ყვარელი და გორი - მომავალი კვირიდან, სწორედ ამ ქალაქებშია დაგეგმილი მოსახლეობასთან შეხვედრები.

დღის ამბები