28 სექტემბერი 2024,   17:16
ვრცლად
პრეზიდენტმა ვეტო ამჯერად საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს დაადო - რას პასუხობს "ოცნება" სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს

უმრავლესობა პრეზიდენტს მორიგი ვეტოს გამო აკრიტიკებს და მის დასაძლევად ემზადება. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გახდა აუცილებელი წესის შეცლა საარჩევნო კოდექსში. ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა 30 მაისს მიიღო, ცესკო გადაწყვეტილების მიღებას უმრავლესობით შეძლებს. ანუ, თუ საკითხს, რომელიც შეიძლება, მაგალითად, საკადრო ცვლილებებს ეხებოდეს, ხმას არ მისცემს ორი მესამედი, მას იმავე სხდომაზე კენჭისყრაზე მეორედ დააყენებენ. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციას აღარ ექნება ცესკოს საბოტაჟის ბერკეტი, რაც რეალური საფრთხეა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღის მეორე ნახევარში შევიდა. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ცვლილებები შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხს. მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობა, პოლიტიკური პროცესი არ არის დამყარებული კონსენსუსზე, რაც ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის გადამწყვეტია. მოტივირებულ შენიშვნებში ასევე ნათქვამია, რომ გაუმართლებელია კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმ მოტივით გაუქმება, რომ შესაძლებელია, ვერ შედგეს შეთანხმება ცესკოს წევრებს შორის. ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცვლილებები, დაჩქარებული წესით, სათანადო განხილვისა და პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის კონსენსუსის გარეშე მიიღეს. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს, ნაწილი კი ამბობს, მათი განწყობა ნიჰილისტურია.

"ქართულ ოცნებას" მაგალითად საერთაშორისო გამოცდილება მოჰყავს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებას ორი მესამედით, პრაქტიკულად, არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. უმრავლესობა ამბობს, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ცვლილებას, რომელიც ჯერ კიდევ 4 წლის წინ შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის რეკომენდაცია იყო.

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაძლევს. საჭიროა 76 მანდატი, უმრავლესობას კი ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

დღის ამბები