20 ივნისი 2024,   15:31
ვრცლად
ქეით მიდლტონის დაბრუნება - ჩარლზ III-ის დაბადების დღეზე საზოგადოების მთელი ყურადღება უელსის პრინცესამ მიიპყრო

ქეით მიდლტონის დაბრუნება - უელსის პრინცესა, 6-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად გამოჩნდა, ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის დაბადების დღეს დაესწრო და ყურადღების ცენტრშიც სწორედ ის მოექცა. მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ პრინცესა სიმსივნეს ებრძვის. მიდლტონმა პირველ გამოჩენამდე საზოგადოებას სიმსივნესთან ბრძოლის შედეგები და სირთულეები გაუზიარა.

სამეფო კარზე ნოემბრის თვეში დაბადებულ მეფე ჩარლზ მესამეს დღეს იუბილარის როლი უნდა შეესრულებინა, რადგან ტრადიცია ბრიტანეთში ასეთია - მონარქის დაბადების დღე ყოველთვის ივნისში აღინიშნება. მთავარი როლი ჩარლზმა ყველა წესის დაცვით პირნათლად შეასრულა, თუმცა მაინც ჩრდილში აღმოჩნდა. ბუკინგემის სასახლესთან ათასობით ადამიანი და ტელეეკრანებთან მილიონობით მაყურებელი უელსის პრინცესა ქეით მიდლტონს ელოდა, დღევანდელი სანახაობის ცენტრალური ფიგურაც ის იყო.

6 თვე ელოდნენ მის გამოჩენას ადამიანები, რომლებიც სამეფო ოჯახის ცხოვრებას თვალს ადევნებენ. ქეითის დაბრუნება - ასე დასათაურდა წარმოდგენა, სადაც შემოქმედებით ნაწილში ყველა რგოლს თანაბრად ჰყავდა დამფასებელიც და კრიტიკოსიც, მათ შორის - კოსტიუმების მხატვარს, რადგან ქეით მიდლტონის სტილი მუდამ საუბრის საგანია. პრინცესას სამოსი ლაკონიური, თავშეკავებული, დახვეწილი და, ამავდროულად, მდიდრული იყო.

სამოსის ფერი - თეთრი, სამკაული - მარგალიტის საყურე, ბროში -ირლანდიური გვარდიის სიმბოლო.

უელსის პრინცესას საჯარო ცხოვრებიდან გაუჩინარების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. გასული წლის დეკემბერში, შობის შემდეგ, მან გააუქმა ყველა ჩანიშნული ღონისძიება. გარკვეული დროის განმავლობაში, საზოგადოებისთვის უცნობი იყო რეალური ინფორმაცია, რასაც არაერთი შეთქმულების თეორია მოჰყვა. ვერსიები პირად ურთიერთობებს, პრინც უილიამთან კონფლიქტს, ღალატსა და დაშორებას უკავშირდებოდა. პაპარაცები ნადირობდნენ თითო კადრზე, მოპოვებულის ავთენტიკურობა კი მუდამ ეჭვს ბადებდა.

ტაბლოიდებს საქმე პრინცესამ რამდენიმე თვეში გამოულია, როდესაც გაავრცელა ვიდეო და რეალური მიზეზი გაამხილა. ქეითმა თქვა, რომ სიმსივნეს ებრძოდა.

საჯაროდ გამოჩენამდე, ქეითმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც, ადამიანების მხრიდან მხარდაჭერის გამო, მადლიერებას გამოხატავდა. ამავე პოსტში მან ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

დღეს ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილი ადამიანები, რომელთაც, სხვადასხვა სახით, თან ჰქონდათ ქეითის გამოსახულებები, მისი გამოჩენის მოლოდინთან ერთად, საუბრობდნენ პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და თავიანთ წუხილზე.

შეხვედრა შედგა, რასაც თან ახლდა სამხედრო სანახაობა. მასიურ სცენებში მონაწილეობდა 1400 სამხედრო მოხელე, მათ შორის იყო პრინცი უილიამიც, 400 მუსიკოსი და 200 ცხენოსანი. აღლუმმა სამეფო წესის დაცვით ჩაიარა და ამბის კულმინაციური სცენაც სასახლის აივანზე გათამაშდა, სადაც სამეფო ოჯახი, არასრული შემადგენლობით, მეგანისა და ჰარის გარეშე გამოჩნდა და, ტრადიციული მისალმების შემდეგ კარს მიღმა, სამეფო კარის კულისებში გაუჩინარდა.

დღის ამბები