26 ივნისი 2024,   09:00
ვრცლად
დიდი გადალაგება ოპოზიციაში - რა გეგმა აქვს ოპოზიციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

2024 წლის 26 ოქტომბერს, ოპოზიცია გადამწყვეტ თარიღად აცხადებს. არჩევნებამდე 4 თვით ადრე, მმართველი გუნდის ოპონენტები გამარჯვების ფორმულის ძიებაში ისევ ძველ, ნაცად და ვერ გამართლებულ გზას დაადგნენ. ერთობისთვის ერთიანი სიის იდეაც გაჩნდა, თუმცა იდეა რეალობად ამ დრომდე ვერ იქცა. ვინ საით წავა პოლიტიკურ გზაჯვარედინზე - ზოგმა უკვე იცის, ზოგი კი ფიქრის რეჟიმშია. კარი პირველმა “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გახსნა - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საერთო სიის სანაცვლოდ კომპრომისული ნაბიჯების პირობას დებს, თუმცა პირობის მიუხედავად ღია კარში ჯერ ისევ და “მხოლოდ სტრატეგია“ აღმაშენებელია შესული. პარტიის ახალ თავმჯდომარეს წითელი ხაზი არცერთ პარტიასთან აქვს.

“ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საერთო სიაში “ლელოს“ წევრების სახელები და გვარები არ იქნება. პარტია ერთიანობის მომხრეა, თუმცა მიზიდულობის ცენტრად მხოლოდ საკუთარ თავს განიხილავს. ვისთან გაერთიანდებიან პოლიტიკური ლელოს დასადებად - ყოფილი ბანკირების პარტიაში ახალ კონფიგურაციაზე მსჯელობა, ამ დრომდე მიმდინარეობს.

“ლელოსგან“ განსხვავებით, წითელი ხაზები არ აქვს ახალ პოლიტიკურ პარტია “ახალს,“ სადაც არც “ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავენ. ერთად თუ დამოუკიდებლად - რას შესთავაზებს პირველ არჩევნებზე ამომრჩეველს ახალბედა პარტია, ეს გადაწყვეტილი ამ დრომდე არ აქვთ.

ხუთ პროცენტიანი ბარიერისა და ბლოკების არ არსებობის მიუხედავად, გამარჯვების გზა საერთო სიაზე არ გადის გახარიას გუნდისთვის. პარტია საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ნომრით, დამოუკიდებლად ბრძოლას აპირებს.

საერთო სიის იდეას არც “გირჩი“ ემხრობა. პარტიაში განმარტავენ, რომ ამომრჩეველს მხოლოდ ორი არჩევანი არ უნდა ჰქონდეს. კოლეგებს კი სტრატეგიას უწუნებენ და არჩევნებამდე დარჩენილ დროის ინტერვალს ახსენებენ.

“სტრატეგია აღმაშენებელი“ სტრატეგიას არ იცვლის. პარტია, საკუთარი ამომრჩევლის ხმებს ისევ გაერთიანებით დააზღვევს. იმის მიუხედავად, რომ ამ სვლით მათთვის სასურველი გამარჯვება ვერ დადგა, კოლეგებს მაინც ურჩევენ ილუზიებს არ აჰყვნენ და გაერთიანების მხარეს დადგნენ.

ერთად თუ ცალ-ცალკე, ოპოზიციას ფიასკოს უწინასწარმეტყველებს “ქართული ოცნება“. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციური ერთობის ფორმირება ამომრჩევლის მოტყუების მცდელობაა, რადგან პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი, სწორედ “ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის.

არჩევნებამდე 4 თვეა, ოპოზიციური პარტიები ახლა დილემის წინაშე დგანან - რომელი სცენარით წარმართონ წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა წინ კიდევ ერთი ბარიერია- 5%-იანი ბარიერი, რომლის გადალახვის გარეშე სუბიექტები საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდებიან. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კი სრულად პროპორციული წესით პირველად ჩატარდება.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები