26 ივნისი 2024,   13:51
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა პარლამენტში მიმდინარე კვირას დაიწყება.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონის დაბლოკვას სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, უმრავლესობა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

“უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული და, რაც მთავარია, ეს არის მიმართული სახელმწიფო ინსტიტუტების და იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც პარლამენტი ეწევა. მმართველი გუნდი ამ საკითხს დაძლევს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ცესკოს ინსტიტუციური საქმიანობისთვის და საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი,“-აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

“გირჩის“ წევრი ჰერმან საბო კი ამ ცვლილებებში ვერც განსაკუთრებულ სარგებელს ხედავს და ვერც საფრთხეს.

“ვერც განსაკუთრებულ საფრთხეს ვხედავ ამ ცვლილებებისგან და ვერც რაიმე სიკეთეს. მგონია, რომ “ქართული ოცნება“ ცდილობს, ფორმალურად მაინც გამორიცხოს ყველა ის შესაძლო სცენარი, რომელშიც მას ვიღაც ხელს შეუშლის და ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები ყველგან, სადაც საჭიროა. ეს არ დააზღვევს იმისგან, რომ თუ “ქართული ოცნება“ ცუდად მოიქცა არჩევნებზე, ვინმე რამეს შეარჩენს, რადგან ცესკოში ამ ახალი წესით რაღაცას ხელი მოეწერება,“-აცხადებს ჰერმან საბო.

ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა 30 მაისს მიიღო, საკმარისი ხდება უბრალო უმრავლესობით არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება.

დღის ამბები