26 ივნისი 2024,   15:04
ვრცლად
რატომ არის აუცილებელი ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის დროული ჩატარება

ინსულტის შემდეგ, სასიცოცხლო ფუნქციებისა და ზოგადი მდგომარეობის სტაბილიზაციისთანავე, უნდა დაიწყოს სარეაბილიტაციო მკურნალობა.

რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინსულტის შემდგომი სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ აღიდგინოთ შესაძლებლობები და განავითაროთ ფუნქციური უნარ-ჩვევები. ჩვეულებრივ, ინსულტის რეაბილიტაცია იწყება ინსულტიდან 24-48 საათის შემდეგ.

ინსულტის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობა ძირითადად მიმართულია - მოძრაობის უნარის (ფიზიკური თერაპია), მეტყველების და ყლაპვის უნარის (მეტყვლების თერაპია), ყოველდღიურ აქტივოვბებში მონაწილეობისა და საკუთარი თავის მოვლის (ოკუპაციური თერაპია), კოგნიტური, კომუნიკაციური და ფსიქოლოგიური (ფსიქოლოგიური დახმარება) შეზღუდვის გაუმჯობესებაზე.

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია კიდურების მოძრაობის სიფართის, ძალის, წონასწორობის, კოორდინაციისა და სიარულის აღდგენა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს დიაგნოზის დასმიდან დაუყოვნებლივ.

ინსულტის შემდეგ, ფიზიკურ შეზღუდვასთან ერთად, ხშირია კოგნიტური ფუნქციის სხვადასხვა კომპონენტის დარღვევა, როგორიცაა: ყურადღება, ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე, ვერბალური და მხედველობითი მეხსიერება, მეტყველება და აღქმა. აღნიშნული ფუნქციების გაუმჯობესებაში, ნეირო და ფსიქოთერაპიის პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობები.

კომუნიკაციის დარღვევები შეიძლება შეეხოს კომუნიკაციის სხვადასხვა ელემენტს, როგორიცაა ლაპარაკი, აღქმა, კითხვა, წერა, ჟესტიკულაცია და პრაგმატიკა (საუბრის წარმართვის პრაქტიკული უნარი, კონტექსტის/სიტუაციის გათვალისწინებით). კომუნიკაციის დარღვევის არსებობა უარყოფითად აისახება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, სოციალურ ჩართულობასა და დამოუკიდებლობის ხარისხზე.
კვლევები ადასტურებს, რომ ინსულტის შემდგომი დროული რეაბილიტაცია ხელს უწყობს პაციენტის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას ყოველდღიურ ცხოვრებაში- საკუთარი თავის მოვლას, სოციუმში დაბრუნებას. კომპლექსური და მულტიდისციპლინური მიდგომა უზრუნველყოფს დადებით ეფექტს.

კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში სარეაბილიტაციო ღონისძიებები იგეგმება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის ძირითადი წევრები არიან: ფიზიკური, ოკუპაციური, მეტყველების თერაპევტები, ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ჰიდრო თერაპევტები, ექიმ-ნევროლოგები და ექიმ-რეაბილიტოლოგები. აღნიშნული გუნდი ინსულტის მქონე პაციენტთან და მათ ოჯახის წევრებთან ერთად ქმნის პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ რეაბილიტაციის კურსს, რომლის შედეგია ბენეფიციარის ცხოვრებს ხარისხის გაუმჯობესება.

ამ დრომდე, კენ ვოლკერის კლინიკაში ინსულტის და ტრავმების შემდგომი რეაბილიტაციის კურსი ჩაიტარა 430-მა ბენეფიციარმა. ჩვენი გუნდი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, რათა ჩვენთან მოსული თითოეული პაციენტი ისევ დაუბრუნდეს დამოუკიდებელი ცხოვრების წესს.

 

 

[R]

დღის ამბები