26 ივნისი 2024,   15:32
ვრცლად
“ნაციონალური მოძრაობის“ ორგანული ნაწილი და სახეა“ - რატი იონათამიშვილი პარტია “ახალის“ განცხადებაზე

პარტია “ახალის“ თავმჯდომარეები, ნიკა გვარამია და ნიკა მელია აცხადებენ, რომ მათ საერთო აღარაფერი აქვთ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, გვარამია-მელიას გადაბარებული აქვთ “ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული სტრუქტურა, რაიონებში შეხვედრებს მართავენ, აქებენ სალომე ზურაბიშვილს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ სრულიად ახალ ძალას წარმოადგენენ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ნიკა გვარამია და ნიკა მელია მაქსიმალურად ცდილობენ გაემიჯნონ “ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა საზოგადოებისთვის ისინი სწორედ ამ პარტიასთან ასოცირდებიან.

“მას არ მოსწონდა გადაწყვეტილებები და კონკრეტული ქმედებები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი წლების წინ ახორციელებდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა პირდაპირ ეთერში ამ ადამიანს. აბსოლუტური ფერისცვალებაა, რომელიც მან განიცადა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა და პრეზიდენტი გახდა “ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის განმახორციელებელი და ერთგვარი რუპორიც კი.

ამ ფონზე, ვხედავთ, ნიკა გვარამია ნიკა მელიასთან ერთად ცდილობს, რომ მაქსიმალურად გაემიჯნოს “ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ვერ გაემიჯნება იმიტომ, რომ ეს ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება საზოგადოებისთვის ასოცირებული მხოლოდ და მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით ნიკა გვარამია ვერ გაემიჯნება “ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ის ამ პარტიის ორგანული ნაწილია.

“გვარამიას პროექტი არის პოლიტიკური აფიორა. გვახსოვს, რა ეპითეტებით ამკობდა ის სალომე ზურაბიშვილს. ახლა სალომე ზურაბიშვილის გულანთებული გულშემატკივარი გახდა. ამბობს, რომ ემიჯნება “ნაციონალურ მოძრაობას“ და თან ვინ?! ცხადია, ეს ახალი არ არის, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ძველია, თავის რეპრესიებით, პროკურორობით, ზონდერობით და ა.შ. როგორც არ უნდა ეცადოს “ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნას ვერ გაემიჯნება იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ორგანული ნაწილი და სახეა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები