26 ივნისი 2024,   15:23
ვრცლად
განსაკუთრებულად ფასეულია თითოეული თქვენგანისთვის ის, რომ გექნებათ ამ დღეების განმავლობაში ჯართან, უშუალოდ ჯარისკაცებთან შეხების და სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება - ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებულად ფასეულია თითოეული თქვენგანისთვის ის, რომ გექნებათ ამ დღეების განმავლობაში ჯართან, უშუალოდ ჯარისკაცებთან შეხების და სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კოჯორში, “ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ჯარი არის ის, რამაც დღემდე მოიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობა და იდენტობა.

“მნიშვნელოვანია უშუალო შეხება ჯართან. ჯარი არის ჩვენი სიამაყე და ჯარი არის ჩვენი ისტორია. ჯარი არის ის, რამაც დღემდე მოიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და იდენტობა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად ფასეულია თითოეული თქვენგანისთვის ის, რომ გექნებათ ამ დღეების განმავლობაში ჯართან, უშუალოდ ჯარისკაცებთან შეხების და სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება. ეს ყველაფერი მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად ეზიაროთ იმ ფასეულობებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა, რომლებზეც უნდა იდგეს ჩვენი საზოგადოება. ფასეულობების კუთხით არის უამრავი გამოწვევა თანამედროვე სამყაროში. არის გარკვეული ტენდენციები, რაც იქითკენ არის მიმართული, რომ დაკნინდეს ფასეულობები, რომელზეც უნდა იდგეს ნებისმიერი საზოგადოება.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ყველა ის ფასეულობა, რომელიც უნდა იყოს მყარი საყრდენი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

არის ორი მნიშვნელოვანი პროექტი – ჩვენი ჯარისკაცები მიდიან სკოლებში, ჩვენს ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს აცნობენ და არის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის გახსნასაც დღეს ვესწრებით – ჯარის ბანაკის პროექტი, სადაც უშუალოდ სამხედრო ბაზებზე აქვთ მოსწავლეებს სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება და მიხარია, რომ წლევანდელ წელს უკვე მეორე ნაკადია და 2300 მოსწავლე არის უკვე ჩართული ამ მნიშვნელოვან პროექტში.“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პროექტი “ჯარის ბანაკი“ 20-24 დღეს კოჯორში ოფიციალურად გაიხსნა. ბავშვებს და სერჟანტ ინსტრუქტორებს სამწყობრო მოედანზე პრემიერმა, თავდაცვისა და განათლების მინისტრებმა მიმართეს. მათ ჯარის ცხოვრებაში ახალგაზრდების უფრო აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს. თავდაცვის სამინისტრომ პროექტი გააფართოვა და კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის პარალელურად, “ჯარის ბანაკები“ საჩხერესა და ახალქალაქში მოაწყო. პროექტს თავდაცვის უწყება განათლების სამინისტროსთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. მასში მე-10-ე და მე-11-ე კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ.

დღის ამბები