26 ივნისი 2024,   17:59
ვრცლად
ნიკა გვარამიას შეცვლილი პოზიცია სალომე ზურაბიშვილის მიმართ - საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ეს წინასწარ გათვლილი გეგმის ნაწილია

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნიკა გვარამიას შეცვლილი პოზიცია, საპარლამენტო უმრავლესობისთვის წინასწარ გათვლილი გეგმის ნაწილია. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ "ახალის" ლიდერმა პრეზიდენტთან დაკავშირებით დამოკიდებულება მხოლოდ იმის გამო შეცვალა, რომ ამ გზით "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას ცდილობს.

"მოღალატე და აგენტი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ შეფასებების, რომელიც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილის მიმართ ისმოდა. მოქმედ პრეზიდენტს რეზიდენტს უწოდებდა გვარამიაც, თუმცა მას შემდეგ, რაც მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, მიიჩნევს, რომ ის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია.

"თანასწორი თანასწორთა შორის" - ასე გამოეხმაურა გვარამია ზურაბიშვილის ბოლო აქტივობას და შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტზე მის ყოფნას. პოზიციის ცვლილებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს ნიკა გვარამია და ამბობს, რომ დამოკიდებულებებს დროთა განმავლობაში ორივე მხარემ გადახედა.

ზურაბიშვილთან ურთიერთობები გადაიხედა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირის გაწყვეტაზეც საჯარო განცხადება გაკეთებულია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მელია-გვარამიას შეხვედრებს რეგიონებში ჯერ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები გეგმავენ. პარტია "ახალის" ლიდერები ამბობენ, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ და "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პოლიტიკური ძალა სხვადასხვაა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, სახელისუფლებო პარტია პოლიტიკურ გათვლას უკავშირებს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ "ახალის" ლიდერი ყოფილ თანამოაზრეებთან გამიჯვნას მხოლოდ იმიტომ ცდილობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობა წამგებიანი სვლაა.

ყველა მათგანი გამიჯვნაზე საუბრობს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობა" მზადაა სხვა პარტიებთან ითანამშრომლოს. უარყოფის მიზეზებზეც საუბრობენ და იმასაც განმარტავენ, რატომ სურთ სხვა პოლიტიკურ ძალებთან საარჩევნოდ კავშირი ჰქონდეთ.

ვინც ახლა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დისტანცირების რეჟიმშია, ისევ ამ პარტიის ყოფილი ლიდერები არიან. ამ შემთხვევაში საუბარია გიგა ბოკერიაზეც. "ევროპული საქართველოს" ლიდერი ოპოზიციასთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების შესახებ კონსულტაციებს აანონსებს, მიიჩნევს, რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ამ ყველაფრის ალტერნატივა "ნაციონალური მოძრაობა" არ არის.

ოპოზიციაში არსებული მდგომარეობის დემონსტრირებაა სახელისუფლებო ძალისთვის ის ვითარება, რომელიც ახლა პარტიებს შორისაა. პრემიერ-მინისტრის და მმართველი ძალის ლიდერების განცხადებით, პარტიებს შორის ურთიერთობა აჩვენებს, რომ უმრავლესობა მათგანი დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს.

სახელისუფლებო პარტია ოპოზიციის სტრატეგიას სკეპტიკურად უყურებს და თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობისგან დისტანცირებით ყოფილი "ნაციონალები" ამომრჩევლის ნდობას ვერ მოიპოვებენ.

დღის ამბები