26 ივნისი 2024,   20:47
ვრცლად
ითანამშრომლებენ თუ არა "ლელო" და "საქართველოსთვის" - გახარიას გუნდი თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა "ლელო" თავს იკავებს

გახარიას გუნდთან თანამშრომლობას "ლელო" არ განიხილავს. პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ პარტიასთან "საქართველოსთვის" მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ და არც სამომავლოდ აპირებენ.

"ლელო" არ განიხილავს გიორგი გახარიას გუნდთან არანაირ გაერთიანებას. გახარიას გუნდთან არ ყოფილა არანაირი კონსულტაციები და თანამშრომლობა არც წარსულში, არც აწმყოში არ არის და არც მომავალში განიხილება. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გავიდეთ არჩევნებზე - ეს არის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების იდეა,"-აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

პარტიაში "საქართველოსთვის" კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს და პარლამენტი ისეთი პარტიებით დაკომპლექტდეს, რომელიც არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" იქნება კავშირში და არც "ქართულ ოცნებასთან". გახარიას გუნდის წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ "ლელო" მათ პარტიასთან იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას.

"ჩვენი ძალიან დიდი სურვილია და, პირდაპირ გეტყვით, სურვილიც არის, რომ ეგენი არ "განაცდნენ". ქვეყანაში უნდა მოვიყვანოთ დრო და მოცემულობა, როდესაც მარტო "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" არ არიან მსხვილი პოლიტიკური აქტორები, არამედ მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია გაიზარდოს. ჩვენ გვინდა, რომ აქ იყოს "ლელოც", რადგან ვფიქრობთ და გვჯერა, მათ აქვთ რესურსი, ერთისგანაც განსხვავდებოდნენ და მეორისგანაც,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

მმართველ გუნდში ყოფილი ოპონენტების შეცვლილი პოზიცია არ უკვირთ და აცხადებენ, რომ ისინი, წინასაარჩევნო ბარიერის გადასალახად, ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებას შეეცდებიან.

"მათი დაყოფა, შეერთება, ერთმანეთის მოწონება თუ არმოწონება, არის ერთადერთი მიზნით წარმოდგენილი, რომ რამენაირად ნაცარი შეაყარონ თვალში საზოგადოებას და გადაიპარონ საარჩევნო ბარიერს იქით.

როდიდან მოეწონათ თუ არ მოეწონათ ხაზარაძესა და გახარიას ერთმანეთი, ერთმანეთს თაღლითებსა და თვალთხარიებს რომ ეძახდნენ და უჩიოდნენ ერთმანეთს, თუ როდის,"-აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები