20 ივლისი 2024,   03:27
ვრცლად
ქართველები გერმანიაში - კონტინენტის პირველობაზე მოხვედრით გამოწვეულმა ქართულმა ემოციებმა გერმანელები გააოცა

გერმანელები 10 000 ქართველის ყიჟინას დღეიდან ხშირად გაიგონებენ. კონტინენტის პირველობაზე მოხვედრით, გამოწვეულმა ქართულმა ემოციებმა თავშეკავებული გერმანელებიც კი გაოცებული დატოვა.

ათასობით ბედნიერი ქართველი, რომლებსაც ისტორიული მომენტის მონაწილეობა ხვდა წილად - გერმანიის ქუჩებში ამაყად მიაბიჯებს. მასპინძლებიც თბილად დახვდნენ. ქართული ელემენტები ყველგან შეგხვდებათ - ტრანსპორტშიც, ქუჩაშიც და კიდევ ბევრგან.

ევროპაზე მოსახვედრად, ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა სტრატეგიულად იმოქმედა. ზოგმა მიზნისთვის ბევრი მოიკლო, ზოგმა ნაკლები, ზოგმაც ბუდუ ზივზივაძის შემოთავაზებით ისარგებლა და საცხოვრებლის პრობლემა არ შეჰქმნია.

მთლად კოსმოსში არა, მაგრამ ჩაკრულოს შემდეგ ქართულმა პოლიფონიამ ჰაერში კვლავ გაიჟღერა. ამჯერად ქართველი გულშემატკივრების შესრულებით. სპეც-რეისებით თბილისიდან გერმანიაში გამგზავრებული ქომაგები გზაში საბრძოლო სულის ამაღლებაზე ზრუნავენ. აქ ხან ფოლკლორი, ხან ქალაქური, ხანაც ძალიან პატრიოტული სიმღერები ისმის.

დორტმუნდში ჩასული ქართველების საზეიმო განწყობა გადამდებია. დიდები და პატარები, ოჯახები, მეგობრები, წყვილები და ხანში შესულები - ყველას ვინც გერმანიაშია, საგანგებო მისია აქვს - გაამხნეოს ნაკრები ისე, როგორც არასდროს! ამისათვის მზად არიან. სჯერათ, რომ ლუდს მალე ღვინით ნათქვამი გამარჯვების სადღეგრძელოები შეცვლის.

ყველაზე აჩქარებული პულსი ახლა ეროვნული ნაკრების ბიჭებს აქვთ. იციან, რომ ისტორიული გამარჯვებით ქვეყნის გაერთიანება შეძლეს და უკან აღარ დაიხევენ.

დებიუტანტ საქართველოს, ქართველების გარდა, ბევრი სხვა გულშემატკივარიც ჰყავს. ქართველებს ფანები აღმოაჩნდათ ზანზიბარშიც, სადაც დღევანდელი მატჩის შესახებ ამბავი ქართველმა ტურისტებმა ჩაიტანეს.

ფეხბურთი რომ აერთიანებს 26 მარტს უკვე ვნახეთ, მას შემდეგ ქართველების გული სხვანაირად ძგერს და არ გვტოვებს იმედი, რომ შევძლებთ მნიშვნელოვანი შედეგი დავდოთ იმ კონტინენტის პირველობაზე, რომლის სრულფასოვან წევრობასაც ასე ძალიან ვესწრაფვით.

დღის ამბები