29 სექტემბერი 2024,   03:45
ვრცლად
“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარე კვირას განიხილავენ

“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარე კვირას განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ცვლილებები მოსახლეობის დაკვეთაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა ერთია.

“ნებისმიერი ჯგუფის ადამიანისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არ იყოს ისეთი ცხელი წერტილი, რომელიც განაპირობებს გარკვეულ დაპირისპირებას. კანონის წინაშე ყველა ერთია, ყველა თანასწორია, მაგრამ რეალურად, ამ თემებზე საბოტაჟის გამოცხადება ნიშნავს რომ მხარს უჭერ, ისევე როგორც ადრე იყო ერთსქესიანთა ქორწინებას, ან ვიღაცას თავს აწონებ, ეკეკლუცები იმ სტანდარტების გამო, რომელიც შეიძლება ზოგიერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიცია კი განხილვის პროცესში ჩართვაზე უარს ამბობს და პროცესს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

“მე პირადად არაფერი განსაკუთრებული მოტივაცია არ მაქვს, რომ ამ კანონის განხილვაში ჩავერთო, რადგან მგონია, რომ ეს კანონი არის ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და არა რეალური პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა,“ - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი“ წევრმა, ჰერმან საბომ.

დღის ამბები