24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, მათი მხარდაჭერა იგრძნობოდა, ძალიან ამაყი ვარ მათით - ლუკა ლოჩოშვილი

დორტმუნდის “BVB არენა“, რომელიც 62 ათას ადამიანს იტევს, თითქმის ბოლომდე სავსე იყო. გერმანიაში უამრავი ქართველი გულშემატკივარი ჩავიდა, თუმცა სტადიონზე გაცილებით მეტი იყო თურქი ქომაგი.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთთან გამართავს, 26-ში კი პორტუგალიასთან. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თამაშობს და ჯგუფიდან გასვლის შანსი ორ საუკეთესო შედეგების მქონე გუნდს აქვს.

ისტორიული მატჩის შემდეგ, “კურიერმა“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების პირველი კომენტარები ჩაწერა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, ვინც შეძლო და ჩამოვიდა. მათი მხარდაჭერა იგრძნობოდა, ძალიან ბევრნი იყვნენ და ძალიან ამაყი ვარ მათით, რადგან შეძლეს და ჩვენს გვერდით არიან,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა.

ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა.

“გავაგრძელებთ შრომას, მადლობა ყველა იმ ქართველს, ვინც ჩამოვიდა, დაგვაფასა და ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორიდან გვიყურებდა და გგულშემატკივრობდით.“ - აღნიშნა გიორგი ქოჩორაშვილმა.

თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლაშა დვალმაც.

“მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება იმის შანსი, რომ გავიმარჯვოთ. გამოცდილი გუნდი ვართ, არის გუნდში ახალგაზრდების და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდი ვართ და ჩემი აზრით, ეს გუნდი თავის სათქმელს იტყვის,“ - განაცხადა ლაშა დვალმა.

ანგარიში 25-წუთზე თურქეთმა გახსნა. მალევე, ვინჩენცო მონტელას გუნდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა არგენტინელმა მსაჯმა ის გააუქმა. 32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე. ქოჩორაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მიქაუტაძემ ზუსტი დარტყმით ბურთი კარებში გაგზავნა და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1.

თურქებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. 65-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ.

ბოლო წამებზე საქართველოს ნაკრებმა აქტიურად შეუტია, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა, ბურთი ორჯერ მოხვდა ძელს, თუმცა მიზანს მაინც თურქეთმა მიაღწია: ბოლო კუთხურისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა გიორგი მამარდაშვილი, ჩაწოდების შემდეგ ბურთი თურქებს დარჩათ და ცარიელ კარში მესამე გოლი გაგვიტანეს.

დღის ამბები