24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ეროვნული ნაკრები მოედანზე, საქართველოს დროშა კონტინენტის ყველაზე მთავარ საფეხბურთო ფორუმზე და საქართველოს ჰიმნი - ისტორიული შეხვედრა

ისტორიული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ახალი მატჩისთვის ემზადება. მომდევნო თამაში შაბათს, 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გაიმართება.

საქართველოს დროშა კონტინენტის ყველაზე მთავარ საფეხბურთო ფორუმზე, ეროვნული ნაკრები მოედანზე და კიდევ ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლო - საქართველოს ჰიმნი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაჟღერდა.

დებიუტანტ საქართველოს ნაკრებს რთული ამოცანა ჰქონდა რადგან პირველივე შეხვედრაში მეტოქე ძლიერი და გამოცდილი გუნდი იყო. თურქეთის ეროვნული ნაკრები უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა და მატჩის პირველივე წუთებში ისინი ცდილობდნენ უპირატესობა ეჩვენებინათ.

საქართველოს ნაკრები თამაშს კონტრშეტევებზე აგებდა და იყო რამდენიმე კარგი ეპიზოდი სადაც გამოჩნდა, რომ თურქებს ადვილი მატჩი არ ექნებოდათ.

მცდელობების მიუხედავად, 25 წუთზე პირველი გოლი მივიღეთ.

32 - წუთზე ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ქართული გოლი მოყვა. ქოჩორაშვილის პასით თურქებს გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარი კი იმედიანად დაიწყო. აშკარა იყო, რომ თურქების თავდაჯერებულობამ იკლო. საქართველოს ნაკრებს ჰქონდა სახიფათო შეტევები და კარგი ეპიზოდები დაცვით თამაშში. ეფექტური იყო საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში, რომელმაც კარი გოლისგან რამდენჯერმე იხსნა. დრამა ხელახლა დაიწყო 65 წუთზე, როდესაც კიდევ ერთი გოლი მივიღეთ.

იყო რამდენიმე რეალური მომენტიც და უიღბლობა. მათ შორის მაშინ, როდესაც ბურთი თურქეთის კარის ძელს მოხვდა. დამატებული დროის მეექვსე წუთზე, როდესაც საქართველოს ნაკრები მეკარის ჩათვლით შეტევაში იყო, ყველაზე დასანანი ფაქტი მოხდა. კონტრშეტევაზე თურქებმა ცარიელ კარში გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 3-1 დაფიქსირდა.

დასანანი მარცხის მიუხედავად, როგორც ფეხბურთელები ასევე მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე ხაზს პოზიტიურ ფაქტორებს უსვამდნენ და მომდევნო მატჩების სამზადისზე საუბრობდნენ.

დამარცხების მიუხედავად საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დებიუტით ისტორია დაწერა და პირველი გოლის გატანაც მოახერხა. გულშემატკივრების და ფეხბურთის სპეციალისტების შეფასება ცალსახაა. გუნდმა აჩვენა ბრძოლისუნარიანობა და ის, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა ქართველ ფეხბურთელებს 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან ელოდებათ.


ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები