28 სექტემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ვინ უხელმძღვანელებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირს - კანდიდატებს ოფიციალურად 27-28 ივნისს დაადასტურებენ

ვინ უხელმძღვანელებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირს - საკითხი, ჯერ კიდევ, ბუნდოვანია. ბრიუსელში ევროპელმა ლიდერებმა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების, ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხელმძღვანელის პოზიციებზე იმსჯელეს, თუმცა კანდიდატებზე შეთანხმება ვერ შეძლეს. შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.

გამოცემა "პოლიტიკოს" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს შოლცი და მაკრონი მხარს უჭერდნენ, ევროკავშირის ლიდერებმა დახურულ კონსულტაციებზე ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მის მეორე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭირეს. პრესა წერს, რომ ლაიენს მეორე ვადით მოსვლის დიდი შანსი აქვს, თუმცა მის პოზიციაზე განიხილება იტალიის ყოფილი პრემიერის მარიო დრაგისა და საბერძნეთის პრემიერის კირიაკოს მიცოტაკისის კანდიდატურებიც. მიშელის ჩამნაცვლებელ კანდიდატებად კი პორტუგალიის პრემიერი ანტონიო კოსტა და დანიის პრემიერი მეთე ფრედერიქსენი სახელდებიან.

ევროპელი ლიდერები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად 3 კანდიდატურას განიხილავენ - ესტონეთის პრემიერ კაია კალასს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადისლავ სიკორსკისა და ბელგიის პრემიერ ალექსანდრ დე კროს. პრესა წერს, რომ მიუხედავად იმისა, კაია კალასს ძალიან ხისტი მიდგომა აქვს რუსეთთან, სამეულს შორის ყველზე დიდი შანსი სწორედ მას აქვს. ბრიუსელში კონტინენტზე არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ, მათ შორის, მიმდინარე ომზე, მიგრაციასა და კლიმატის ცვლილებაზე. ლიდერები თანხმდებიან, რომ კანდიდატების დამტკიცება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოზიციაზე, დიდი ალბათობით, ისევ რობერტა მეცოლა დარჩება, ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე NATO-ს მომდევნო გენერალურ მდივანზეც იყო საუბარი. იენს სტოლტენბერგის შემცვლელად აქტიურად განიხილება ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე.

ევროპელი ლიდერები წარდგენილ კანდიდატურებს ევროკავშირის სამიტზე 27-28 ივნისს ოფიციალურად დაადასტურებენ.


ავტორი:გიორგი შეშაბერიძე

დღის ამბები