25 ივლისი 2024,   17:08
ვრცლად
იოლი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ჩვენს გუნდს აქვს რესურსი, რომ ნებისმიერ გუნდთან ითამაშოს ღირსეულად - ლევან კობიაშვილი ჩეხეთთან მატჩზე

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა თურქეთ-საქართველოსა და ჩეხეთთან დაგეგმილ მატჩებთან დაკავშირებით გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

კობიაშვილის განცხადებით, გასულმა თამაშმა დაამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრები ღირსეულად არის ევროპის ჩემპიონატზე.

"ყველა შეამჩნევდა, დასაწყისში რამდენიმე წუთი გვეტყობოდა ემოცია და ეს ჩვეულებრივი ფაქტია. შემდეგ უკვე ჩვენს თავში ძალა ვიპოვეთ, ის თამაში, რომელსაც, ბოლო წლებია, ჩვენი ნაკრები ყოველთვის აჩვენებს და რითაც ვამაყობთ. საბოლოო ჯამში, ვითამაშეთ ის თამაში, რომელსაც ბევრი არც მოელოდა. ცხადია, დებიუტანტები ვართ, პირველად ვითამაშეთ, თამაშამდე სხვა განწყობა იყო ნეიტრალურ გულშემატკივრებში, თუმცა, საბოლოო ჯამში, გუნდი იყო მოედანზე, რაზეც მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე დღით ადრე ისაუბრა, თითოეული ფეხბურთელის კომენტარსაც ადევნებდით თვალს, ყველა იყო დარწმუნებული. რაც ყველაზე მთავარია, ღირსეულად ვართ ევროპის ჩემპიონატზე და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს დავამტკიცეთ და ვანახეთ, გუშინდელი თამაშით, რომ ჩვენი ადგილი აქ არის, გვეკუთვნოდა, რომ აქ ვყოფილიყავით, იმ განვლილი წლებით, რა პერიოდითაც, რომისთვის ჩვენმა ნაკრებმა იშრომა და ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ყველას ვაჩვენეთ, რომ ვიმსახურებდით ევროპის ჩემპიონატზე ვყოფილიყავით", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

რაც შეეხება ჩეხეთთან თამაშს, კობიაშვილი აცხადებს, რომ მათი დამარცხება მარტივი არ იქნება.

"იოლი ნამდვილად არ იქნება, ამაში დარწმუნებულები ვართ, საკმაოდ კომპაქტური გუნდია, ძლიერი გუნდია, კარგი ინდივიდუალური ფეხბურთელები ჰყავთ ჩეხებს. ასე რომ, იოლი თამაში ნამდვილად არ იქნება. პირველივე წუთიდან მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია იყოს მოედანზე. ჩეხეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოწინააღმდეგე, მგონი, ჩვენს გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ ნებისმიერ გუნდთან ითამაშოს ღირსეულად, რაც ყველაზე მთავარია, ჩეხეთთან და მომდევნო თამაშზე არის ის ქულები, რაც აუცილებელია, რომ სამომავლოდ გავიჩინოთ პერსპექტივა, რომ ჯგუფური ეტაპი დავძლიოთ. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ამისთვის გუნდი მზად არის. დღეს, უკვე პირველი ვარჯიში იყო ამ თამაშის შემდეგ. ყველაფერი ჩაბარდა ისტორიას ის ემოციებიც უკვე დაცხრა, კონცენტრაცია არის შემდეგ თამაშზე, აქედან გამომდინარე, მდგომარეობა კარგია გუნდში", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

დღის ამბები