28 სექტემბერი 2024,   08:49
ვრცლად
შარშან, 7-8 მარტის აქციებისას დაკავებულებიდან რამდენიმე საუბრობდა პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ძალის გადამეტებასა და შეურაცხყოფაზე - წელს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღეთ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აქციებზე, პოლიციის "წლევანდელი მოქმედებები იყო ბევრად უფრო ძალადობრივი, ვიდრე შარშანდელი აქციების დროს". ომბუდსმენმა ამის შესახებ "ღამის კურიერში " ისაუბრა.

მისივე თქმით, პოლიციელები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადააჭარბეს, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემულები.

"როდესაც საქმე ეხება აქციებს და აქციების დროს დაკავებული ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას, აქ ჩვენი მოვალეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ პირველები, ვინც დაკავებულების მოსანახულებლად შედიან და იღებენ პირველად ინფორმაციას ფიზიკური დაზიანებისა თუ სხვა ფორმის დანაშაულის შესახებ, რომელიც მათ მიმართ შეიძლება იყოს ჩადენილი. ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის როლი. შემდეგ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვეხმარებით ოჯახის წევრებს, რომ მიაგნონ თავიანთ დაკავებულებს, რომელ განყოფილებაში არიან, იმიტომ, რომ ის რამდენიმე საათი ძალიან ქაოსურია, როცა ვერ პოულობენ და ძალიან ბევრი ზარი შემოდის. ხშირად, თბილისში არ არიან - რაიონებში გადაჰყვათ.

შარშან, 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებულებსაც პირადად შევხვდი და მოვინახულე ისინი. მაშინ რამდენიმე ადამიანი საუბრობდა პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ძალის გადამეტებაზე, შეურაცხყოფაზე და ა.შ.

აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღეთ წელს, როდესაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს ადამიანები, პრაქტიკულად, ყოველი მეორე ადამიანი მიუთითებდა, რომ მათ მიმართ გამოყენებული იყო ძალა, რომ მათ მიმართ პოლიციამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. ასეთი ძალიან ბევრი ოქმი შევადგინეთ, რომელიც გადავუგზავნეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამიტომ ეს განსხვავება ძალიან თვალშისაცემია. შარშანაც იგივე პოლიცია იყო, რაც წელს არის, მაგრამ წლევანდელი მოქმედებები იყო ბევრად უფრო ძალადობრივი, ვიდრე ეს იყო შარშანდელი აქციების დროს. ამაზე გამოვთქვით შეშფოთება. ასეთი ტენდენციის გაგრძელების პირობებში, ჩვენი მოქალაქეების შეკრების უფლება გაუარესდება. აქციის დაშლას აქვს ლეგიტიმური მიზანი, თუ ძალადობრივ ხასიათს იღებს, მაგრამ არ შეიძლება დაზიანდნენ მოქალაქეები და ასეთი რამ თუ ხდება, შესაბამისი პოლიციელები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები